ესტონეთის სარკინიგზო კომპანიამ მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისები შეწყვიტა

ესტონეთის სარკინიგზო კომპანია GoRail-მა სამგზავრო მატარებლების რეისები - ტალინი-მოსკოვი, ტალინი-სანკტ-პეტერბურგი შეწყვიტა.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო რეისი ესტონეთიდან რუსეთის მიმართულებით გუშინ შესრულდა.  "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამ დროისათვის ესტონური და რუსული მხარე სამგზავრო რეისების შენარჩუნებაზე მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს. როგორც რუსეთის სარკინიგზო სამსახურში აცხადებენ, ესტონური კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი მგზავრების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებაა.

"ეს გადაწყვეტილება ესტონურ მხარეს ეკუთვნის, ამ დროისათვის ორივე მხარის სარკინიგზო სამსახურის სამუშაო ჯგუფები ცდილობენ გამოსავლის პოვნას იმისათვის, რომ რეისები ესტონეთის მიმართულებით შენარჩუნდეს", - განაცხადა რუსეთის რკინიგზის სამსახურის წარმომადგენელმა.