რა გამოსავალი რჩება საქართველოს, თუ რუსეთი ღვინის იმპორტზე შეზღუდვებს დააწესებს

რუსეთი ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში საწარმოო ტექნოლოგიის შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს.

მეტიც, „როსსელხოზნადზორმა“ 21 ქვეყნის მეღვინეობის სფეროს სამსახურებს ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი უკვე დაუგზავნა, რომლის გაფორმების შემდეგაც რუსი სპეციალისტები ამ ქვეყნებში საწარმოების აუდიტს ჩაატარებენ. სავარაუდოდ, ამ 21 ქვეყნის სიაში საქართველოც არის, რადგან ფედერალური საბაჟო სამსახურის იანვარ-ოქტომბრის იმპორტის მონაცემებით, უცხოური მიწოდების ტოპ ხუთეულში იტალია, საქართველო, ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალიაა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ საზღვარგარეთ 217.3 მლნ აშშ დოლარის, 75 726 ტონა, ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა, საიდანაც 66% სწორედ რუსეთზე მოდის. წელს რუსეთში 144 მლნ აშშ დოლარის, 53 547 ტონა ღვინო გავიდა.

როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, თუ რუსეთის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, მიზეზების მოძებნა არ გაუჭირდება, რომ ცალკეულ ქვეყნებს, თუ კომპანიებს, ქვეყანაში იმპორტი აუკრძალოს, ისევე, როგორც ეს 2006 წელს, საქართველოსთვის ემბარგოს დაწესებისას გააკეთა.

გვანცა მელაძის თქმით, განსხვავებით იმ პერიოდისგან (2006 წლის), რუსეთი ახლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ახლა უკვე საქართველოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება, თუმცა მისი თქმით, პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, ეკონომიკური ზიანი გარდაუვალი იქნება.

„შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა, წარმოების ხარისხთან ან რაიმე დარღვევასთან დაკავშირებული. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ფედერაცია მიზეზად ასახელებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ რეალურად, ამას წინ უძღვის ხოლმე პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ 2006 წლის ემბარგო, მინერალურ წყლებზე და ღვინოზე მიღებული გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე, თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველზე მსხვილ იმპორტიორებს დაარტყამს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში საქართველო არ იყოს მიზანში ამოღებული და იყვნენ სხვა ქვეყნები, მაგრამ თუ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია გაეწია, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკური.

ერთი განსხვავებაა, 2006 წელს რუსეთს ფედერაცია არ იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ახლა არის, რაც საქართველოს აძლევს იმის უფლებას, რომ გაასაჩივროს მსგავსი გადაწყვეტილება, თუ არ არის რამე რეალური საფუძველი. უბრალოდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მსგავსი საჩივრების განხილვის პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, აქედან გამომდინარე, ის ეკონომიკური ზიანი, რომლის მიყენებაც შესაძლოა იყოს გამიზნული, უკვე მიადგება იმ ქვეყანას, რომელიც მოხვდება ამ შეზღუდვის არეალში.

მართალია, 2006 წელს ქართული ღვინის 80% გადიოდა რუსეთში და ახლა შედარებით ნაკლებია, მაგრამ თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი, ზიანი მაინც დიდი იქნება,“,- აღნიშნავს გვანცა მელაძე.

იხილეთ ასევე:

რუსეთი ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში საწარმოო ტექნოლოგიის შემოწმებას იწყებს - მოხვდება თუ არა საქართველო ამ სიაში

„ჩვენთვის არავის მოუმართავს" - რუსეთი მეღვინეობის უცხოური საწარმოების აუდიტს იწყებს

ნინი ქეთელაური