დღეიდან ეროვნულ ბანკს არც ერთი ვიცე-პრეზიდენტი აღარ ჰყავს - რამდენ ხანს შეუნარჩუნდებათ ხელფასი თანამდებობიდან გადამდგარ პირებს

დღეიდან, 28 ნოემბრიდან უკვე ოფიციალურად, ეროვნულ ბანკს არცერთი ვიცე-პრეზიდენტი აღარ ჰყავს.

ნათია თურნვას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღეს. 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, სამივე ვიცე-პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას კანონის შესაბამისად გუშინდელ დღემდე აგრძელებდნენ.

სებ-იდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი პოზიციებს 21 ნოემბრამდე ინარჩუნებდნენ, ნიკოლოზ გაგუა კი, 27 ნოემბრამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონით ეროვნული ბანკის შესახებ:

  • ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში ეკრძალებათ საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.
  • ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგოები.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციების არმიერთების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და სებ-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცვლილების თანახმად, რასაც სებ-ში პროტესტი მოჰყვა, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა.

თამარ მუკბანიანი