ვინ უნდა აგოს პასუხი ლარის დევალვაციის გამო?!

გია ხუხაშვილი: "შეთქმულების თეორიებისა ნაკლებად მჯერა"

ლარის დევალვაცია და ამ პროცესში საბანკო სისტემის როლი კარგა ხანია ქართული მედიისა და საზოგადოების განსჯის საგნად იქცა. ბოლო ხანებში კი, ყურადღების ცენტრში "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" მოექცნენ: ადრე ლარის დევალვაციაში ქართული ბანკების როლზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, ახლა კი, ეჭვი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც გამოთქვა. კალაძის განცხადებით, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ შეუძლებელია, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. "რაც შეეხება ქადაგიძის უწყებას, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, უბრალოდ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, კანონმდებლობით არა გვაქვს ამის უფლება... ავიღოთ თუნდაც დიდი ბანკების ტრანზაქციები, არ ვიცით ბოლო კვირების განმავლობაში რა ტრანზაქციები განხორციელდა ,,საქართველოს ბანკის", ან ,,თი-ბი-სი" ბანკის მიერ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ ყველაფრის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია. მას შეუძლია ჩაერიოს პროცესში და დაეხმაროს ხელისუფლებას იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც დღეს საქართველოშია," - ეს სიტყვები სწორედ კახი კალაძეს ეკუთვნის.

მისივე ვარაუდით, ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია, თანაც - პოლიტიკური. სხვათა შორის, ექსპერტებიც გამოთქვამენ ეჭვს იმის გამო, რომ 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 280 მილიონი დოლარი გამოიტანა. კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ ეს რეზერვები მხოლოდ ორმა ბანკმა შეიძინა და მიმოქცევაში გაშვების ნაცვლად საკუთარ რეზერვებში "გაუშვა". "ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყიდა ეს თანხა და რა რაოდენობით, უნდა იყოს ღია" - აცხადებს კალაძე.

ამ თვალსაზრისს ეთანხმება ორგანიზაცია 2030-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუაც: "დიდი ბანკების მიერ განხორცილებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია დაფარულია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სპეკულაციური შეტევის დროს შექმნილი სიტუაციით ვიღაცამ ისარგებლოს, ეს შეიძლება არ იყოს კომერციული ბანკი, მაგრამ იყოს მასთან დაკავშირებული პირთა ჯგუფი. სად, ან ვის მიერ ხდება დოლარის სპეკულაციური შესყიდვა, ამას ჩვენი ეკონომიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ როდესაც ბაზარს ეროვნული ბანკიდან დიდი ფულის ნაკადი მიეწოდება, ეს თავისუფლად შეიძლება გახდეს სპეკულაციების საბაბი".

სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი აქვს ამ პრობლემაზე საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს - გია ხუხაშვილს:

- მე არ მინდა ძალიან მკაცრი ვიყო ამ თემაზე საუბრისას თუნდაც იმიტომ, რომ თვით კალაძის განცხადება არ იყო იმდენად მწვავე. ჩემი აზრით, ის მერე იქნა გაბუქებული და აქცენტირებული. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ქვეყნის ფინანსური სისტემა იმდენად ფაქიზი რამ არის, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება, თუნდაც ყველაზე რბილი და ზომიერიც კი, ნეგატიური პროცესებისთვის ბიძგის მიმცემი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, როდესაც სიტუაცია ისედაც მყიფეა. ჩემი აზრით, კალაძის განცხადებები ცოტა არ იყოს, წინააღდმეგობრივი იყო: დილით მედიას უსაყვედურა, აჟიოტაჟს რატომ ქმნითო და იმავე საღამოს გამოთქვა ეჭვი ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო. მე მაინც მგონია, რომ კალაძესთან ვიღაცამ "ნახევარფაბრიკატის" დონის ინფორმაცია მიიტანა და მან ეს ინფორმაცია ვარაუდის დონეზე გაახმოვანა.

- ამგვარ ეჭვს სხვებიც გამოთქვამენ, მათ შორის, ეკონომიკის ექსპერტებიც.

- მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ვარაუდს, რომ ბანკები რაღაც საეჭვო ტრანზაქციებს ახორციელებენ. ასი თავი უნდა ჰქონდეს კომერციულ ბანკს, რომ ისედაც რთულ ვითარებას შეგნებულად სტიმულს აძლევდეს. არა მგონია, რომელიმე სტრუქტურა მსგავს ავანტიურაზე იყოს წამსვლელი. რასაკვირველია, ტრანზაქციები ხორციელდება, თუნდაც იმპორტიორების, ან სხვათა დავალებით, მაგრამ არა ისე, რომ დეფიციტურს ხდიდეს ისედაც დეფიციტურ უცხოურ ვალუტას. საქართველოში ამაზე ვერც ერთი ფინანსური ინსტიტუტი ვერ წავა. დევალვაციით ბანკებმა შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში მოიგონ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროცესით მოგებული არავინ რჩება, მით უმეტეს, კომერციული ბანკი. ასე რომ, მე ამ ეჭვებს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. უფრო მეტიც, წარმოუდგენლად მეჩვენება საბანკო სისტემა საკუთარ ქვეყანაში რაღაც მოტივებით საბოტაჟს ეწეოდეს. საბოლოო ჯამში ის ყველაზე მეტად დაზარალდება და რატომ უნდა მოიქცეს ასე? ცხადია, არავინ მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის.

- რაც შეეხება კომერციული ინფორმაციის გასაჯაროებას, რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

-  შეიძლება ამაში რაღაც ლოგიკა იყოს, მაგრამ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ძალიან სახიფათო იქნებოდა, მე ამ მოსაზრებაში ნეგატივს უფრო მეტს ვხედავ, ვიდრე პოზიტივს. ასე რომ, საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დონე კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დღეს გვაქვს. მეტად გამკაცრება უფრო მეტ ნეგატივს მოიტანს. რაც შეეხება პოლიტიკური მოტივების ძიებას, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა.

- ლარის დევალვაციის გამო ყველაზე ხშირად ცენტრალური ბანკის კრიტიკა ისმის. ამ დღეებში კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა იმართება, შესაძლოა შეიქმნას კომისია, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას შეისწავლის.

- ეროვნულ ბანკს მიმდინარე მოვლენებში აქტიური ჩარევა რომ შეეძლო, ეს ცხადია, მაგრამ მარტო ამ ბანკისკენ თითის გაშვერა არასწორია. ამ ვითარებაში ერთნაირად პასუხისმგებლები არიან ეროვნული ბანკიც და მთავრობაც. რთულ სიტუაციებში ისინი ერთად და სოლიდარულად უნდა მუშაობდნენ. მთავრობის წევრებს ტელეფონები ხომ აქვთ? ხომ შეიძლებოდა უბრალოდ დაერეკა ეკონომიკის მინისტრს, ან ფინანსთა მინისტრს, გაევლო კონსულტაცია და ერთობლივად მიეღოთ გადაწყვეტილებები? გადაბრალება და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება ადვილია, მაგრამ არაფრის მომტანი. ასე რომ, კეთილი უნდა ინებონ და ითანამშრომლონ. ერთ, ან ორ ბანკზე ყველაფრის გადაბრალება კი ძალიან სახიფათოა. ამ ტიპის საჯარო განცხადებებმა შეიძლება ისეთი კატაკლიზმები გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას დაუჯდება ძვირად. ამიტომ, მსგავს საკითხებს ფაქიზი მიდგომა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - შეიძლება ბანკების მიმართ მეც ჩემი პრეტენზიები მქონდეს, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღეს რომელიმე კომერციულმა ბანკმა, რომელსაც სერიოზული მოწილეები ჰყავს უცხო ქვეყნებიდან, ასეთი რამ გაბედოს. შეთქმულების თეორიებისა კი, რატომღაც ნაკლებად მჯერა.

ხათუნა ჩიგოგიძე