ჰაინც ფიშერი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგაში უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგაში უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, - ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შეფერხება ხომ არ შეუწყობს ხელს რუსეთის ინტერესების გატარებას.

"რიგაში არ იქნება მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს ბრძანა მათ შორის კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ტუსკმაც. ბოლო დღეს, - ევროკავშირის 28 სახელმწიფოსა და საქართველოს შორის გადაწყდება, რამდენად კონკრეტული და მოცულობითია ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს უარმყოფელი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად უარს ეტყვის საქართველოს. რაც შეეხება რუსეთს, ბუნებრივია, მან ყირიმიის ანექსიით განახორციელა ისეთი ქმედებები, რომელიც მიუღებელია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაც არც ისე სწრაფად ახორციელებს ნაბიჯებს, როგორც მოლოდინია. ეს სიტუცია უნდა დაიძლიოს. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად სერიოზულნი, თანმიმდევრულნი და არ უნდა იყოს მიზანი ევროპისა და რუსეთის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მიზანი უნდა იყოს შესაძლებლობის შექმნა, რომ სირიისა თუ ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, ლიბიისა თუ სომალის პრობლემები გაერთიანებული ძალისხმევით გადაწყდეს. ეს არის კონსტრუქციული პოზიცია, მაგრამ ამავდროულად პოზიცია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალსა და საზღვრების ურღვევობას ყველა ევროპული ქვეყნის გადმოსახედიდან", - აღნიშნა ავსტრიის პრეზიდენტმა.