დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით,  აღნიშნული ბიზნესფორუმი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერისა და ბიზნესდელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.  ავსტრიული დელეგაციის მიზანია ფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლა და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება. მათი ინტერესების სფეროებია - ენერგეტიკა, ელექტრომექანიკური მოწყობილობები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, განათლება, ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, საკონსულტაციო სექტორი, განათება, სახანძრო სისტემები, მანქანების ლიზინგი, ხელოვნური თოვლის სისტემები, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები, სერვისები, და სხვა.

ფორუმზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ავსტრიის ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი და სავაჭრო მრჩეველი ანკარაში კონსტანტინ ბეკოსი. ფორუმის ფარგლებში საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის შესახებ სექტორული პრეზენტაციები გაიმართება. ასევე, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ავსტრიული კომპანიების ხელმძღვანელებს პირისპირ შეხვდნენ.