გიორგი აბაშიშვილი: ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დამატებით სტიმულს მისცემს

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ავსტრიის პირველი პირის თბილისში ვიზიტი ქართულ-ავსტრიული ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დამატებით სტიმულს მისცემს.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მოლოდინს ის გარემოება იძლევა, რომ ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მსხვილი ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებისგან შემდგარი ბიზნესდელეგაციით იმყოფება.  "ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესდელეგაციით ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე მსხვილი ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები შედიან. ეს ვიზიტი იქნება დამატებითი სტიმული ქართულ-ავსტრიული ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ქართულ-ავსტრიულ ბიზნესფორუმს, რომელიც ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება, აბაშიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ ავსტრიელ ბიზნესმენებს ქვეყნის შესაძლებლობები უკეთ გააცნოს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ქართულ-ავსტრიული ბიზნესფორუმი. ეს ხელს შეუწყობს იმ ახალი შესაძლებლობების უკეთ ჩვენებას ავსტრიელი ბიზნესმენებისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის" შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. თავისთავად ის ფაქტიც, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციითაა ავსტრიული მხარე წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ავსტიული მხარის ინტერესს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების მიმართ", - აღნიშნა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.