ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ხიდი, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და გთავაზობთ უნიკალურ ბიზნეს გარემოს, - ასე მიმართა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის.

"ჩვენ შორის არსებობს ბრწყინვალე ურთიერთობები. თანამშრომლობა არის გამორჩეულად კარგი. ტრადიციულად გრძელდება ეს და ასეც გაგრძელდება. თუმცა, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ხიდი, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს აქვს გამორჩეული, უნიკალური ადგილმდებარეობა, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ბიზნეს-გარემოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული. პრემიერმა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზეც ისაუბრა.  "სასამართლო ხელისუფლების განმტკიცების და დამოუკიდებლობის მიმართულებით არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით და ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავრობისგან და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენების, ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებებით. გასულ წელს გვქონდა 4.8%-იანი ზრდა, რაც იყო უპრეცედენტო რეგიონში, მით უმეტეს, იმ რთული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოში წარმოიქმნა. ამის მიუხედავად საქართველომ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.