მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 4.0 %-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის I კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 4.0 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ 2015 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. "წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 431 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.0 პროცენტით აღემატება. აქედან ფურის სულადობამ 661 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა და 1 164 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 237 ათასი სული იყო, რაც 27.5 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2015 წლის I კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 8 348 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 6.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 114.2 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.5 %-ით მეტია. "ხორცის წარმოებამ 9.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.5 პროცენტით აღემატება, ხოლო კვერცხის წარმოებამ 137.3 მილიონი ცალი და წინა წლის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით მეტი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.