რიგაში ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიხსნება

21-22 მაისს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი) წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტს უხელმძღვანელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად, ევროკავშირს წარმოადგენს, მასპინძელი კი ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა იქნება. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი.

ექვს პარტნიორ სახელმწიფოს კი წარმოადგენენ: სომხეთიდან – პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, აზერბაიჯანიდან – პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინიდან – პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მოლდოვადან პრეზიდენტი ნიკოლაი ტიმოფტი, საქართველოდან – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ვინ იქნება ბელორუსის დელეგაციის თავმჯდომარე, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

ევროკომისრებმა - ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა მიმდინარე წლის მარტში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის მიზნით კონსულტაციები გამოაცხადეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც რიგის სამიტზე იმსჯელებენ, სწორედ სამეზობლო პოლიტიკის მომავალი იქნება. ამ მიმართულებით ევროკავშირი განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოს მიმართ დიფერენცირებული პოლიტიკის შემუშავების ალბათობას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა საფეხურზე არიან, მათ შორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაფორმებული აქვთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები.

სამიტის მონაწილეები განიხილავენ უკრაინის კრიზისს, ასევე ხაზს გაუსვამენ რეგიონში ისეთი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობას, როგორიცაა დნესტრისპირეთის კონფლიქტი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია. ეს იქნება შესაძლებლობა ევროკავშირისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლება ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით. ამასთან, ლიდერები ხაზს გაუსვამენ, რომ პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. სამიტზე ასევე განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პროგრესი ვიზალიბერალიზაციისა და ვიზაფასილიტაციის მიმართულებით. საუბარი შეეხება ურთიერთობებს ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებში. სამიტის პლენარული სესია 22 მაისს გაიმართება, რომლის ბოლოს მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წინადადება, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი, თავდაპირველად შვედეთისა და პოლონეთის მიერ იყო ინიცირებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მის მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. პირველი სამიტი - 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში, მეორე 2011 წლის 29-30 სექტემბერს - ვარშავაში, მესამე სამიტი კი 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ვილნიუსში გაიმართა.