”დოიჩე ველე”: ”გერმანულმა კომპანიებმა საქართველო აღმოაჩინეს”

”რეფორმები ხორციელდება, მაგრამ საქართველოს ჯერაც გრძელი გზა აქვს გასავლელი”

გერმანულმა კომპანიებმა საქართველო აღმოაჩინეს, - ამ სათაურით აქვეყნებს ”დოიჩე ველე” სიუჟეტს გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში ბიზნესით დაინტერესების შესახებ. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველო რთული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. თუმცა, გერმანული კომპანიები საქართველოს კავკასიაში ბაზრების კარიბჭედ მიიჩნევენ.

”ეს მართლაც დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყანაა. ცოტა ხნის წინ აქ გაიმართა ევროპის დღეები, ევროპა აქ ძალიან ბევრს აკეთებს, რაც აძლიერებს მოსახლეობის პროევროპულ განწყობას”, - აღნიშნავს მარტინა შვარცი, რომელიც საქართველოში გერმანიის ბიზნესასოციაციაში მუშაობს, რომელიც 140 ქართულ და გერმანულ ფირმას აერთიანებს. როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, საქართველო იმედოვნებს, რომ შეუერთდება ევროკავშირს. ხოლო მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ბევრი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა.

სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია, როგორ მიმდინარეობს საქართველოში უდიდესი კომერციული ცენტრის მშენებლობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი იქნება. მშენებლობაში ჩართულია უმსხვილესი გერმანული კომპანია ”კნაუფი”, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. სიუჟეტის ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 4,7%-ით გაიზარდა და სამშენებლო ინდუსტრიას ყველაზე დიდი წილი მიუძღვის ეკონომიკის ზრდაში. ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ ადვილი გახდა ევროპაში გავყიდოთ საქართველოში წარმოებული საქონელი, რაც დამატებითი მოტივაციაა ინვესტორებისთვის”, - აღნიშნავს სიუჟეტში ”კნაუფის” გენერალური დირექტორი საქართველოში გიორგი ჯაფარიძე.

როგორც სიუჟეტშია ნაჩვენები, მარტინა შვარცი ასევე ესტუმრა ”ნატახტარის” ლუდსახარშს, სადაც რამდენიმე სახეობის ლიცენზირებული გერმანული ლუდი იხარშება, მათ შორის, ”ეფესი”. ”ჩვენს ქვეყანას კარგი სამომავლო პერსპექტივა აქვს ევროკავშირთან ერთად. ხალხს იმედი აქვს, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ და საცხოვრებელი პირობების მაღალი სტანდარტები გვექნება”, - ამბობს ”ნატახტარის” თანამშრომელი გიორგი ფსუტური.

”გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 240 მილიონი ევრო გამოყო საქართველოს მოდერნიზაციისთვის.  მარტინა შვარცი მიიჩნევს, რომ წლები დასჭირდება, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა პოზიტიურ ცვლილებებს იგრძნობს. რეფორმები ხორციელდება, მაგრამ საქართველოს ჯერაც გრძელი გზა აქვს გასავლელი”, - ნათქვამია ”დოიჩე ველეს” სიუჟეტში.