არჩილ მესტვირიშვილი: ინტერვენციების რეჟიმი 2009 წელს შევცვალეთ და მას შემდეგ შეზღუდული რაოდენობით ინტერვენციები გვაქვს

ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების რეჟიმი 2009 წელს შეცვალა და მას შემდეგ ძალიან შეზღუდული რაოდენობით ინტერვენციები გვაქვს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიური ანგარიში წარადგინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ შეკითხვით მიმართა არჩილ მესტვირიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008-2009 წლებში ეროვნული ბანკი გაცილებით აქტიურ ინტერვენციებს ახორციელებდა და რატომ აღმოაჩნდა ახლა მას განსხვავებული მიდგომა, რაზეც მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ინტერვენციების რეჟიმი შეიცვალა 2009 წელს. მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი არის ფასების სტაბილურობა და თუ ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერიოდში რისკები არ არსებობს.  "თუ გრძელვადიან პერიოდში რისკები არ არსებობს, ეს გავლენას ახდენს მოკლევადიან კურსზე", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს, როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ინტერვენციები.  "ჩვენ ინტერვენციების რეჟიმი შევცვალეთ 2009 წელს და მას შემდეგ გვაქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ინტერვენციები. 2009 წლიდან ეს რეჟიმი ძალიან კარგად მუშაობს. თუ ვნახავთ პუბლიკაციებს და მათ შორის სტრატეგიას, რომელიც ეროვნული ბანკის საიტზეა განთავსებული, იქაც აღნიშნულია, რომ ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ მინიმალურად ვერევით, გაცვლითი კურსი არის წონასწორულთან ახლოს, რაც ნიშნავს, რომ კურსის გრძელვადიანი გადახრები არის მინიმალური და კურსი გრძელვადიანად არის სტაბილური. თუ ცოტა გრძელ პერიოდს შევხედავთ, გარდა ბოლო მერყეობისა ლარის დოლარის მიმართ, კურსი დიდი სტაბილურობოთ გამოიხატებოდა მათ შორის რამდენიმე ქვეყნის მიმართ, სადაც ცდილობდნენ ყოველდღიურ რეჟიმში გაცვლითი კურსი ეკონტროლებინათ", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.