მილიონობით ლარის ზარალი - როგორია „საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მდგომარეობა

საქართველოს ფოსტამ, როგორც ცნობილია, ამანათების ტარიფები გაზარდა. ეს ეხება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ამანათებს. განახლებული ტარიფები კი ძალაში 2024 წლის 3 იანვრიდან შევიდა. საქართველოს მასშტაბით 2 კილოგრამამდე ამანათის მიტანა 8.5 ლარის ნაცვლად 19 ლარი გახდა, ხოლო საერთაშორისო ტარიფების კუთხით, მაგალითად, აშშ-ის მიმართულებით, 1 კგ ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა. ამის გარდა, გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და ის ახლა 14 ლარია.

ჩამოთვლილი ცვლილებების ფონზე, „ბიზნესპრესნიუსმა“ სცადა ფოსტასთან დაკავშირება, მაგრამ კომპანიის ცხელი ხაზი, ამ დრომდე გათიშულია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია „საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მდგომარეობა. კომპანიის 2022 წლის ანგარიშგების მიხედვით (2023 წლის მოგვიანებით გამოქვეყნდება), „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლები ყოველწლიურად მცირდებოდა. 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 23 მილიონი ლარით შემცირდა და 71 მილიონი ლარი შეადგინა (2021 წელს იყო 94 მილიონი ლარი). ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა კომპანიის წმინდა ზარალი. თუ 2021 წელს, ეს მაჩვენებელი 1.1 მილიონი ლარი იყო, 2022 წელს, იგი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა და 12 მილიონ ლარს მიაღწია.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, კომპანიის შემოსავლების თითქმის ყველა მიმართულებით, საკმაოდ მსხვილი კლება შეიმჩნევა. მაგალითად, საფოსტო მომსახურებიდან შემოსავალმა 37 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 4 მილიონი ლარით ნაკლებია (2021 წელს იყო 41 მილიონი ლარი) ყველაზე დიდი კლება კი საქონლის რეალიზაციიდან შემოსულ თანხებზე აისახა. ამ მაჩვენებლმა, 2022 წელს, 8.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 20.3 მილიონი ლარით ნაკლებია (2021 წელს იყო 28.8 მილიონი ლარი).

უნდა ითქვას ისიც, რომ 2022 წელს, კომპანიაში დასაქმებული 3 ათასამდე ადამიანის ხელფასებზე, სულ 30 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ წელს შემოსავლების ამგვარი შემცირება გამოიწვია დედაქალაქში არსებული ჯიხურების დახურვამ, რომლის მეშვეობითაც, კომპანია სხვადასხვა საქონლის რეალიზაციას ახდენდა. გაყიდვების შემცირების მთავარ მიზეზს, სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა.

იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე, უცნობია 2023 წლის ანგარიში, შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ფოსტის“ ტარიფების გაძვირება, სწორედ ზარალისა და კომპანიის შიდა-ეკონომიკური კრიზისით იყოს გამოწვეული.

ცნობისათვის, შპს „საქართველოს ფოსტა“ (შემდგომში კომპანია) 1995 წლის 7 ივნისს დაარსდა. 2022 წლის 31 დეკემბრისათვის შპს „საქართველოს ფოსტის“ 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს სახელმწიფო. კომპანია იმყოფება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მმართველობაში.

ბაჩანა ტყემალაძე