Google თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებს - შემცირებები გრძელდება

Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მიმდინარე წელს, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შემცირდება და მათი ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლდება.

დირექტორმა, მემორანდუმში თქვა, რომ მოხსენების თანახმად, წლევანდელი შემცირებები მუშაობის სისწრაფის აჩქარებისკენაა მიმართული, რათა უფრო პრაქტიკული და სწრაფი გახდეს სხვადასხვა ოპერაციის შესრულება. მემორანდუმში ზუსტად არ ეწერა, თუ რა იგულისხმება ოპერაციებისა და მუშაობის პროცესის აჩქარებაში, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის, Google-ის კომპანიის სხვადასხვა სექტორში ინტეგრაციას გულისხმობს.

შემცირებების დაჩქარებული ტემპით გაგრძელება მიანიშნებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისკენ, რაც გარკვეულ მექანიკურ სამუშაოებს ავტომატიზირებულს გახდის, შესაბამისად, ამ გზით, მსოფლიოს უდიდესი და უმსხვილესი კომპანია უბრალოდ, თანხებს ზოგავს.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები და შემცირებებით გამოთავისუფლებული თანხების ინვესტირება უფრო პრიორიტეტულ საკითხებში უნდა მოვახდინოთ.“, - ამბობს აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, Google-მა ციფრული ხმოვანი ასისტენტისა და ტექნიკური, საინჟინრო გუნდებიდან ასობით თანამშრომელი გააათავისუფლა. გათავისუფლებულთა უმეტესობა პასუხისმგებელი იყო Pixel-ზე, Nest-სა და FitBit-ზე.

ბაჩანა ტყემალაძე