რატომ ეცემა „ბიტკოინის“ ფასი - ანალიტიკოსების განმარტება

SEC-ის მიერ Spot Bitcoin ETF-ების დამტკიცება კრიპტო სამყაროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, რომელსაც კრიპტოენთუზიასტების ვარაუდით, ფასის ახალი რეკორდები უნდა მოეხსნა და Bitcoin-ის სრული აფეთქება, ბუმი და რაც მთავარია, BullRun უნდა გამოეწვია, მაგრამ მოლოდინები არ გამართლდა.

ბაზარი სიახლის გავრცელების შემდგომ არასტაბილური გახდა. Zerocap-ის ინფორმაციით, Bitcoin-ის ფასი თავდაპირველად მართლაც გაიზარდა, მაგრამ იგი 48 000 დოლარს ვერ გასცდა და ჯერ 45 000 დოლარამდე, შემდგომ კი 41 000 დოლარამდე დაეცა. ამ ცვალებადობამ მილიონობით ადამიანი, მილიონობით დოლარით აზარალა, ვინაიდან იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც Futures მარკეტზე ვაჭრობდნენ, Bitcoin-ზე Long პოზიცია ჰქონდათ გახსნილი, რამაც ათასობით, ზოგ შემთხვევაში კი, მილიონობით დოლარის ზარალი მოიტანა.

ანალიტიკოსთა აზრით, ფასის კლება შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა:

  1. მოგების მიღება - ETF-ის დამტკიცების მოლოდინმა Bitcoin-ის სავარაუდო ფასის ზრდა გამოიწვია, ინვესტორებმა კი მოგების ე.წ. „ჩაკეტვა“ გადაწყვიტეს, რაც ვალუტის დაცემას ნიშნავდა.
  2. აღსანიშნავია, რომ ETF-ის დამტკიცების მიუხედავად, SEC-ის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ SEC არ უჭერს მხარს ბიტკოინს და ინვესტორები მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გააფრთხილა. მარეგულირებელი ორგანოს ამგვარმა გაფრთხილებამ ინვესტორთა რაოდენობა და მათი მოლოდინები თავისთავად შეამცირა.
  3. ბაზრის მანიპულირების სპეკულაციები - ოფიციალურ განცხადებამდე დიდი დაბნეულობა იყო, რადგან SEC-ის Twitter-ის, იგივე X-ის ანგარიში გატეხეს და რეალური ამბის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ჰაკერებმა გატეხილი ანგარიშით გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის მიხედვითაც, კრიპტოვალუტა ETF-ზე დადასტურდა. ამ ინციდენტის გამო, ფასი ჯერ ავარდა, შემდგომ კი დიდი ვარდნა განიცადა. ამ ფაქტმა დიდი უნდობლობა გამოიწვია ინვესტორებში.

საწყისი ვარდნის მიუხედავად, Bitcoin ETF-ების დამტკიცება საეტაპო მოვლენაა, რომელიც ამარტივებს და უზრუნველყოფს Bitcoin-ში თანხის ჩადებას და ინვესტირებას. ექსპერტთა აზრით, ეს მოვლენა მაინც შეცვლის კრიპტოვალუტაში ინვესტიციათა დინამიკას, მოიზიდავს მეტ ინვესტორს და საბოლოოდ, ვალუტის ფასი მაღლა აიწევს.

ბაჩანა ტყემალაძე