მამუკა ხაზარაძე: 24 წელია, ამ სფეროში ვარ და ბანკებზე ასეთი განცხადებები პირველად მესმის

თუ საბანკო სისტემის რეპუტაცია შეირყა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, - ამის შესახებ "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კომერციული ბანკი ასრულებს იმ ტრანზაქციებს, რომელთაც კლიენტი უკვეთს - იქნება ის ფიზიკური, თუ იურიდიული პირი. "კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით მოვისმინე მოსაზრება ბანკების შეთქმულების თეორიაზე. ლარის კურსის გაუფასურებამ ჩვენი ბანკის ინვესტორებს 250 მილიონი დოლარი დააკარგვინა. საუბარი მაქვს აქციონერებზე, რომლებიც შარშან შემოუერთდნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების განთავსებას. მეორე მხრივ, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ იწვევს საკრედიტო პორტფელის გაფუჭებას და აისახება ბანკის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მომგებიანობაზე. ხდება სესხების რესტრუქტურიზაცია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ იმ სესხის დაფარვას, რომელიც, მაგალითად, დოლარში ჰქონდათ აღებული", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებული ნეგატიური განცხადებები საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ "ჩვენ ჩვენი თავის მტრები ვართ, მათ შორის ბანკის ყველა აქციონერი და თანამშრომელი".  "ვფიქრობ, ეს უფრო ვიღაცის გულის მოსაგებად გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებია და საბოლოოდ დარტყმას აყენებს უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ რამეს, რასაც ქართული ეკონომიკა ჰქვია. თუ საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია შეირყა, და ამაზე შეიძლება ბევრმა რამემ იმოქმედოს და მით უფრო პოლიტიკოსების განცხადებებმა, შეირყევა ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო", - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ექსპერტების განცხადებები ლარის გაუფასურებაში ეროვნულ ბანკთან ერთად კომერციული ბანკების დადანაშაულების შესახებ პოპულისტური და არაკორექტულია.  "24 წელია, ამ სფეროში ვარ და სიმართლე გითხრათ, ბანკებზე ასეთი განცხადებებიც პირველად მესმის. ამერიკაში რომ რაღაც მოხდა, არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად გადმოიღებდნენ საქართველოში. ეს სერიოზული ბრალდებაა და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელიც",-ამბობს მამუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მუშაობის შეფასებას მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ლარისა და ნებისმიერი ვალუტის კურსი კომპლექსური გარემოებების შედეგია. "ეროვნული ვალუტის გასამყარებლად აზერბაიჯანმა დიდი ინტერვენცია მოახდინა, 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მთლიანად ჩვენი სავალუტო რეზერვების ტოლია და შედეგი მაინც ვერ მიიღო. 3 მილიარდი დოლარი, ფაქტობრივად, ერთ დღეში დაიკარგა. ამიტომ, როცა რომელიმე ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები უნდა დაეხარჯა და ამით შეეჩერებინა ლარის კურსის ვარდნა, ეს უბრალოდ საკითხის არცოდნაა. კურსის დადგენა არ ხდება მხოლოდ დოლარის გაყიდვითა და ლარის შესყიდვით, ან პირიქით. მასზე გავლენას ახდენს ეკონომიკაში დაბანდებული ინვესტიციები, გარე ფაქტორები, სხვა ვალუტები, ექსპორტის დონე, ფულადი გზავნილები, ტურიზმი და კიდევ ბევრი სხვა რამ. შესაბამისად, როცა რაღაცის ანალიზს ვაკეთებთ, პოპულისტობა უნდა მოვაშოროთ, რადგან ფაქიზ თემას ვეხებით. მივესალმები ყველას, ვინც კანონდარღვევას აღმოაჩენს და პირველი დავდგები მათ გვერდში, ვისაც სიმართლის გარკვევა სურს. მაგრამ ვერ გავიგე, რას ვეძებთ, როცა გარშემო ასეთი მაგალითები გვაქვს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

bpn