"აფბა": საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დისტანცირება, საბანკო სექტორს გამჭვირვალეს გახდის

"საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" მიიჩნევს, რომ საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დისტანცირება, საბანკო სექტორს გამჭვირვალეს და დივერსიფიცირებულს გახდის.

"აფბას" ვიცე-პრეზიდენტმა შოთა გულბანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოსცილდეს და დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს, რომლის მიზანიც ქვეყნის საფინანსო სექტორზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება იქნება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. მისი თქმით, ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან დისტანცირება და კანონპროექტის მიხედვით, მისი მმართველი ორგანოს, სააგენტოს საბჭოს მთლიანად პარლამენტის მიერ დაკომპლექტება და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის მიერ სააგენტოს უფროსის დანიშვნა, მნიშვნელოვნად საბანკო სექტორზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედამხედველობას და ზოგადად, სფეროზე ზედამხედველობის ფუნქციის დივერსიფიცირებას და სექტორის გამჭვირვალობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

"შესაბამისად, გაზრდილი გამჭვირვალობა პრაქტიკულად აღარ დატოვებს ადგილს იმ კითხვის ნიშნებისთვის, რომ შესაძლოა, სექტორში მანიპულაციებს და სპეკულაციურ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ამგვარმა კითხვის ნიშნებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის პროცესისას, როცა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები ამოიწურა, ხოლო ლარმა მაინც განაგრძო გაუფასურება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დისტანცირება ბანკების ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეაფერხებს, რამდენადაც, ამ შემთხვევაში, პარლამენტი დაამტკიცებს (შემდგომში) საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს, თავად ეს სსიპი კი კვლავ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში იქნება", - განაცხადა შოთა გულბანმა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ხშირად მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთბრალდებები კრიტიკულ ხასიათს იძენს, პარლამენტის მოთხოვნა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტება თავად მოახდინოს, ლეგიტიმურია და შემდგომში მსგავს ინსინუაციებს გამორიცხავს.