ილონ მასკმა ნეიროჩიპი პირველ ადამიანს წარმატებით ჩაუნერგა

სტარტაპ Neuralink-ის ნეიროჩიპი პირველ ადამიანს ჩაუნერგეს, რისი საშუალებითაც ის აზროვნების ძალით ელექტრონულ მოწყობილობებს გააკონტროლებს. ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

მასკის თქმით, მოხალისის რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს.

Neuralink-ის მიზანია, შექმნას ჩიპი, რომელიც ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმის შედეგებს აღმოფხვრის, რომ პარალიზებულმა ადამიანებმა კვლავ შეძლონ გადაადგილება.

„თავდაპირველი შედეგები ნერვული დაკავშირებების პერსპექტიულ აღმოჩენას ადასტურებს,“ - წერს მასკი.

მისი ცნობით, ნეიროჩიპი მის მფლობელს საშუალებას მისცემს, ელექტრონული მოწყობილობები „მხოლოდ ფიქრით" გააკონტროლოს. მასკს მაგალითისთვის ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, სტივენ უილიამ ჰოკინგი (1942-2018) მოჰყავს, რომელსაც ახალგაზრდა ასაკში მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი განუვითარდა. ის ნერვკუნთოვან ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს და მას სრულიად უმწეოს ხდის. ამ დაავადებამ საბოლოოდ 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა.

„წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოკინგს კომუნიკაცია უფრო სწრაფად რომ შეძლებოდა, ვიდრე მბეჭდავს ან აუქციონერს. მიზანი სწორედ ეს არის,“ - წერს მასკი.

2023 წლის სექტემბერში Neuralink-მა განაცხადა, რომ პაციენტებს, რომლებიც კისრის მიდამოში ზურგის ტვინის ტრავმის ან ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის გამო პარალიზებული არიან, ტვინში იმპლანტირებული ჩიპების პირველ კლინიკურ ტესტში მონაწილეობა შეეძლოთ. კერძოდ, რობოტს ქირურგიულად უნდა ჩაენერგა ულტრათხელი და მოქნილი იმპლანტის ძაფები თავის ტვინის იმ არეში, რომელიც გადაადგილების განზრახვებს აკონტროლებს. იმპლანტირებადი ჩიპი ჩაიწერს და გადასცემს ტვინის სიგნალებს უსადენო აპლიკაციას, რომელიც განზრახვას გაშიფრავს.

სტარტაპი მაშინ აცხადებდა, რომ ტესტირების დასაწყებად 2023 წლის მაისში დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოსგან, კერძოდ, სურსათისა და წამლის ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიიღო.

Reuters 2023 წლის ივნისის დასაწყისში ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკის მიერ დაარსებული სტარტაპ Neuralink-ის კაპიტალიზაციამ 5 მლრდ დოლარს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ