„კანიბალიზაციას უკეთებს არსებულ მაღაზიებს იმიტომ, რომ მომხმარებელს ინაწილებს“ - რა შეიცვალა რითეილ სექტორში

„არსებულ მაღაზიებში გაყიდვები არის შემცირებული, ზრდა არის მხოლოდ ნაჩვენები გეოგრაფიული ექსპანსიის, ანუ მაღაზიების რაოდენობის ზრდაზე, რომელიც რაღაც წილად, კანიბალიზაციას უკეთებს არსებულ მაღაზიებს იმიტომ, რომ მომხმარებელს ინაწილებს“, - ამის შესახებ რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ცნობისთვის, „გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევის მიხედვით, 2018-2023 წლებში „ბრენდული ქსელები საშუალოდ 28.1%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით გაიზარდა.

ამასთან, ბრენდული ქსელების ბაზარი 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს 2023-28 წლებში გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც საბაზრო წილის 55.6%-მდე ზრდას გამოიწვევს.

„ბრუნვა დამოკიდებულია ინფლაციაზე, რაც ფასების ზრდასთან არის კავშირში. რა იწვევს ბრუნვას, ფასების ზრდა, მოთხოვნის ზრდა, გეოგრაფიული ექსპანსია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია LFL გაყიდვები. ამაზე გავუკეთებ მომხმარებელ აქცენტს, იმიტომ, რომ ეს შესაძლებელია, იმდენად ტერმინოლოგიურია, რომ არ იყოს გასაგები, ეს არის ერთი და იგივე მაღაზიის ნავაჭრი წლიდან წლამდე ან პერიოდიდან პერიოდამდე, რაც ყურადსაღებია, რომ მცირდება. ჩვენ ამით ვიღებთ იმას, რომ არსებულ მაღაზიებში გაყიდვები არის შემცირებული, ზრდა არის მხოლოდ მხოლოდ ნაჩვენები გეოგრაფიული ექსპანსიის, ანუ მაღაზიების რაოდენობის ზრდაზე, რომელიც რაღაც წილად, კანიბალიზაციას უკეთებს არსებულ მაღაზიებს იმიტომ, რომ მომხმარებელს ინაწილებს. თუ დავუშვათ, 100 მომხმარებელი ჰყავდა კონკრეტულ მაღაზიას და შემოსავალი 100 ლარი 2022 წელს, 2023 წელს მისი მომხმარებლის რაოდენობა შემცირდა, რადგან გვერდით გაიხსნა იგივე ბრენდის, ან სხვა კონკურენტის მაღაზია, რომელმაც წაართვა მას მომხმარებელი. შესაბამისად, შეუმცირდა მომხმარებელი და შეუმცირდა ბრუნვის რაოდენობა, მაგრამ ამავდროულად, გაიზარდა სხვა ქსელები, რომლებმაც სწორედ ქსელური რაოდენობის ზრდის საფუძველზე გაზარდა თავისი ბრუნვა და შემოსავალი“,- განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

ნინი ქეთელაური