Madrid Fusión 2024-ზე საქართველომ სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

„სტუმარმასპინძლობა - საქართველოს მთავარი კერძი“- მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3- დღიან კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, სტუმრებმა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებმა ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იყო ეგრეთწოდებული Show Kitchen.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონგრესის ბოლო დღეს ქართველმა შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა მონაწილეებისთვის ქართული კულინარიული მასტერკლასი გამართა.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა.

Madrid Fusión-ზე ქართული სამზარეულო მადრიდში მდებარე რესტორანმა ნუნუკამ წარადგინა. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააცნო.