შეუძლიათ თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ინვესტირებასა და სავაჭრო ბირჟებზე ვაჭრობაში დაგეხმაროთ - BBC

ინტერნეტში უკვე მომრავლდა შემოთავაზებები, როდესაც კონკრეტული კომპანიები, თუ ფიზიკური პირები ადამიანებს AI ინვესტირების ბოტებს სთავაზობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპეციალურად მოდელირებული და შექმნილი ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ბაზრის ანალიზს და თანხის ინვესტიციას თქვენს მაგივრად მოახდენს.

ასეთი წინადადებების უმრავლესობაში შემოთავაზებულია ძალიან დიდი მოგებები, ბოტების მომსახურებით სარგებლობის საშუალება კი გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გეძლევათ. საქმე იმაშია, რომ ხელოვნური ინტელექტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, თქვენს საინვესტიციო კაპიტალთან ერთად შესაძლოა, დიდი საფრთხის ქვეშ ჩავარდეს, რადგან ძალიან ხშირად, ამჟამად არსებული ბოტების უმეტესობა გაუმართავად მუშაობს.

ადამიანებში აღნიშნული საკითხის შესახებ საკმაოდ სკეპტიკური განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს. მაგალითად, აშშ-ში, 2023 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინვესტორებიდან ყოველი მესამე ადამიანი სიამოვნებით ანდობდა თავის სავაჭრო კაპიტალს ხელოვნურ ინტელექტს საინვესტიციოდ.

გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო ასოციაციის ინოვაციებისა და ოპერაციების ხელმძღვანელი, ჯონ ალანი ამბობს, რომ ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. მისი თქმით, ინვესტიცია ძალიან სერიოზული საკითხია და მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე, ამიტომ უახლესი „სიგიჟეებით“ გატაცება არ შეიძლება.

„ვფიქრობ, რომ სულ მცირე, უნდა დაველოდოთ ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიან მიღწევებსა და განვითარებას, სანამ მის ეფექტურებაზე დავიწყებთ მსჯელობას. ამ პერიოდში, ინვესტირების საკითხში არსებულ პროფესიონალებს უნდა დავეყრდნოთ“, - განაცხადა ჯონ ალანმა.

ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტი არ არის „ბროლის ბურთი“, რომელსაც მომავლის დანახვა შეუძლია. მეტიც, გამოცდილი ადამიანი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ინვესტირების სფეროშია, უკეთ მოახდენს ბაზრის ანალიზს, ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი.

ელის გურიერი, ფინანსების ასოცირებული პროფესორი პარიზის ESSEC ბიზნეს სკოლაში, BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიები უკვე რამდენიმე წელია იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს არამარტო ინვესტირებისთვის, არამედ თავად კომპანიის საქმეების შესასრულებლად.

მაგალითად, პროფესორის თქმით, საერთაშორისო კომპანია Amazon-ი, ვაკანსიის გავრცელებისას, როდესაც იგი CV-ებისა და რეზიუმეების მიღებას იწყებდა, აურაცხელი რაოდენობის დოკუმენტების კლასიფიცირებას ხელოვნური ინტელექტი ახდენდა და სწორედ ის წყვეტდა, თუ რამდენად კლასიფიცირებულნი იყვნენ ადამიანები ამა თუ იმ ვაკანტურ პოზიციაზე დასასაქმებლად.

საბოლოოდ, Amazon-ს საზოგადოების უკმაყოფილების გამო მოუწია ხელოვნური ინტელექტით რეკრუტირების გაუქმება.

„გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მიკერძოებისა და უზუსტობებისკენაა მიდრეკილი. მას შეუძლია, რომ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნო ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ან მოახდინოს ფაქტების სრული ფალსიფიკაცია. ენერგიული და მუდმივი ზედამხედველობის გარეშე, ძნელი იქნება ამ ხარვეზების დადგენა“, - განაცხადა ოქრსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის უფროსმა მკვლევარმა, სანდრა ვახტერმა.

ბაჩანა ტყემალაძე