მსოფლიო მოსახლეობის 78%  წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის - გაეროს წყლის შეფასების შემაშფოთებელი შედეგები

მსოფლიოში 4 ადამიანიდან 3 წყლით დეფიციტურ ქვეყანაში ცხოვრობს, ხოლო სტატისტიკურად უფრო მეტი ადამიანი უსაფრთხო სასმელი წყლის, სანიტარული და ჰიგიენური სერვისების ნაკლებობის გამო იღუპება, ვიდრე წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების გამო - ასეთია გლობალური წყლის უსაფრთხოების უახლესი შეფასება.

საერთაშორისო განსაზღვრების მიხედვით, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაა არანაკლებ 20 ლიტრი წყალი ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც საცხოვრებელი ადგილიდან 1 კილომეტრის რადიუსშია ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სასმელი წყლის დეფიციტი.

გაერთიანებული ერების წყლის ექსპერტების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა წყლის უსაფრთხოების გლობალურმა შეფასებამ დაადგინა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ამჟამად წყლისგან დაუცველ ქვეყნებში ცხოვრობს, რაც საგანგაშო ტენდენციად ფასდება.

მსოფლიოში წყლის უსაფრთხოების სტატუსის უფრო რეალისტური გაგების უზრუნველსაყოფად, გაეროს ამ მოხსენებამ წყლის უსაფრთხოება 10 კომპონენტზე შეაფასა:

  • სასმელი წყალი,
  • სანიტარული მდგომარეობა,
  • კარგი ჯანმრთელობა,
  • წყლის ხარისხი,
  • წყლის ხელმისაწვდომობა,
  • წყლის ღირებულება,
  • წყლის მართვა,
  • ადამიანის უსაფრთხოება,
  • ეკონომიკური უსაფრთხოება
  • წყლის რესურსების სტაბილურობა.

შედეგები შემაშფოთებელია: მსოფლიო მოსახლეობის 78% ამჟამად წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის.

გლობალური შეფასების ძირითადი დასკვნების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეგიონს აქვს ქვეყნები წყლის უსაფრთხოების დაბალი დონით, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები და მცირე კუნძულ-სახელმწიფოები, განსაკუთრებით განიცდიან წყლის უსაფრთხოების კრიტიკულ დონეებს მრავალი ფაქტორების გამო. 23 ქვეყანა კრიტიკულად დაუცველია წყლის მიმართ და ესენია: სოლომონის კუნძულები, ერითრეა, სუდანი, ეთიოპია, ვანუატუ, ავღანეთი, ჯიბუტი, ჰაიტი, პაპუა-ახალი გვინეა, სომალი, ლიბერია, სენტ-კიტსი და ნევისი, ლიბია, მადაგასკარი, პაკისტანი, სამხრეთ სუდანი, მიკრონეზია, ნიგერი, სიერა ლეონე, იემენი, ჩადი, კომორი და შრი-ლანკა.

1920x980-hero-liquid-capital-water-crisis-1707559645.jpg

აღსანიშნავია ისიც, რომ ბუნებრივი წყლის უხვი ხელმისაწვდომობა სულაც არ უზრუნველყოფს წყლის უსაფრთხოებას. აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანისა და ამერიკის უხვი მტკნარი წყლის რესურსების მქონე ბევრ ქვეყანას აქვს ჰიგიენური და სანიტარული ნორმებით (WASH) გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები.

უსაფრთხოდ მართულ სასმელ წყალსა და სანიტარიულ სისტემაზე წვდომა ჯერ კიდევ გლობალური მოსახლეობის ნახევარზე მეტის ოცნებაა. 70%-ზე მეტს (დაახლოებით 5,5 მილიარდს) არ აქვს უსაფრთხო წყალზე წვდომა, მათგან ყველაზე ცუდ დღეშია აფრიკის სახელმწიფოები, სადაც რეგიონის მხოლოდ 15%-ს მიუწვდება ხელი სუფთა წყალზე.

8775282532-f237d6cdae-b-1707559617.jpg

შესაბამისად, მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი იღუპება უსაფრთხო WASH-სერვისების ნაკლებობის გამო, ვიდრე წყალთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად, ხოლო რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ეს მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. როგორ უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას? კითხვაზე ერთიანი პასუხი არ არსებობს, რადგან პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და სწორედ ასეთივე მიდგომას ითხოვს ჩვენგან.

მეცნიერები და დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ პირველ რიგში, აუცილებელია გლობალური დათბობის ტემპის შემცირება, ისევე როგორც გაუდაობნოების ტემპისა. რესურსები უნდა მოვიხმაროთ უფრო ეფექტიანად და არ მოხდეს მათი უაზრო ფლანგვა. ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელიც ავტორია მთელი რიგი სტანდარტებისა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. მათ შორის გამოსარჩევია ISO 14080, რომლის მთავარი მიზანი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაა. ეს უკანასკნელი კი სასმელი წყლის დეფიციტის მთავარი გამომწვევი მიზეზია. ასევე, ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO 14064-2 და ISO 14064-3, რომელთა მთავარი მიზანიც როგორც სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ასევე მათი კონტროლია.

თუ რადიკალური ზომები არ იქნება მიღებული, ეს შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს 2030 წლის შემდეგაც წყლის დეფიციტში ცხოვრება მოუწევს.

ეკა დარჩიაშვილი