ქართული ჩირის საექსპორტი ფასი გაიზარდა, იმპორტირებულის კი შემცირდა

საქართველოში 2023 წელს ჩირის იმპორტი შემცირდა. გასულ წელს 920 ტონა ჩირი ვიყიდეთ, რაშიც 2,009 მილიონი აშშ დოლარი გადავიხადეთ. ხოლო 2022 წელს 936 ტონა ჩირი შემოვიდა ქვეყანაში და ჯამში 2.795 მილიონი აშშ დოლარი დაგვიჯდა.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს 1 ტონა ჩირი უფრო იაფი დაგვიჯდა, ვიდრე 2022 წელს. კერძოდ, 2023 წელს 1 ტონა ჩირში დაახლოებით 2 184 აშშ დოლარი გადავიხადეთ, ხოლო 2022 წელს - საშუალოდ 2 989 აშშ დოლარი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ჩირის უდიდესი ნაწილი უზბეკეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ჩილედან შემოვიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ჩირის ექსპორტი შემცირდა. მაშინ, როცა საქართველოდან ექსპორტზე 2023 წელს 477 ტონა ჩირი 1,980 მილიონ აშშ დოლარად გავიდა, 2022 წელს 1 228 ტონა ჩირი 4.217 მილიონ აშშ დოლარადაც გავიტანეთ.

ექსპორტირებული ჩირის ფასს რაც შეეხება, 1 ტონაზე გაანგარიშებით 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაიზარდა. 2023 წელს 1 ტონა ჩირი საშუალოდ 4 150 აშშ დოლარად გავიდა, ხოლო 2022 წელს - 3 434 აშშ დოლარად.

ამასთანავე, საქსტატზე არსებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჩირის ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს 100%-იანი წილი ეკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ექსპორტზე გატანილი ჩირი სრულად ქართული წარმოების იყო.

საქსტატის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ჩირი გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, ლიეტუვასა და ჩინეთში გავიტანეთ.

მერი ტაბატაძე