საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული უმაღლესი სასწავლებლები

საქართველოში საკმაოდ ბევრი უმაღლესი სასწავლებელია და შესაბამისად, აბიტურიენტებს დიდი არჩევანი აქვთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. განსხვავებულია სწავლის საფასური კერძო უნივერსიტეტებში, სადაც სწავლის გადასახადი გარკვეულ ფაკულტეტებზე 7000 ლარსაც კი აჭარბებს.

სწავლის საფასურის სიდიდის მიხედვით, პირველ ადგილზეა "თავისუფალი უნივერსიტეტი".

bpn.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სწავლის საფასური სტანდარტულად 6 950 ლარს შეადგენს, გარდა ბიზნეს სკოლისა, სადაც სწავლის გადასახადი წლიურად 7 850 ლარია. 2015 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ცოდნის ფონდი "თავისუფალი უნივერსიტეტის" ყველა სტუდენტისთვის აწესებს სასწავლო გრანტს 11 600 ლარის ოდენობით. ეს თანხა სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სწავლის საფასურს 2 900 ლარით შეუმცირებს. ამასთან, ცოდნის ფონდის გრანტს ემატება სახელმწიფო გრანტი, რომელიც სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგის მიხედვით ეძლევა.

"უნივერსიტეტს არათბილისელთათვის დამატებითი შესაძლებლობა აქვს. თუ აირჩევ გარდამავალ დაფინინსებას და ამასთან: გაქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი; ხარ საქართველოს რეგიონიდან და არ გაქვს თბილისში ცხოვრების საშუალება; თანახმა ხარ ჩაერთო უნივერსიტეტის საქმიანობაში - აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან კვლევით სამუშაოებში (კვირაში მხოლოდ 5 საათი). მაშინ, 4 წლის განმავლობაში (წელიწადში 10 თვე), ცოდნის ფონდისგან მიიღებ დამატებით 200 ლარს. ცოდნის ფონდი დამატებით (თვეში 200 ლარიან) დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ამ კომპონენტის სარგებლობის შემთხვევაშიც მოქმედებს გარდამავალი დაფინანსების პრინციპი – სწავლის დასრულების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში დააფინანსებ მომავალი თაობის არათბილისელი სტუდენტების თბილისში ცხოვრებასაც", - აცხადებენ უნივრესიტეტში.

სწავლის მაღალი საფასურის მიხედვით მეორე ადგილზეა "კავკასიის უნივერსიტეტი". უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "კავკასიის უნივერსიტეტის" თბილისის კამპუსში 17 საბაკალავრო პროგრამაა, ხოლო ბათუმის ფილიალში 5 საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს. სწავლის საფასური კი ასეთია: თბილისი - ინფორმატიკა; ტელეკომუნიკაცია; ევროპისმცოდნეობა; ინგლისური ფილოლოგია; სოციოლოგია, ფსიქოლოგია; ტურიზმი; ეკონომიკა - 2 250 ლარი წლიური გადასახადი, აბიტურიენტს შეუძლია ისარგებლოს მის მიერ მოპოვებული ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტით.

ბიზნესის ადმინისტრირება; საერთაშორისო ბიზნესი - წლიური გადასახადი 7 500 ლარი, ამ სპეციალობებზე აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო გრანტის გარდა შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლოს, რომელიც წელიწადში 2 900 ლარია. შიდა გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც "კავკასიის უნივერსიტეტის" ამ სპეციალობას მიუთითებს პირველ ან მეორე პრიორიტეტად და მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს.

სამართალი, ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია, პიარი, მედია და ხელოვნება, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია, ჯანდაცვის მენეჯმენტი - წლიური გადასახადი ამ ფაკულტეტებზე 5 900 ლარია, ამ სპეციალობებზე აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო გრანტის გარდა შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლოს, რომელიც წელიწადში 2 000 ლარია. შიდა გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც ”კავკასიის უნივერსიტეტის”  ამ სპეციალობას მიუთითებს პირველ ან მეორე არჩევნად და მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს.

”კავკასიის უნივესრიტეტის” ბათუმის კამპუსში კი სწავლის საფასური შემდეგია: ფსიქოლოგია, ტურიზმი, ეკონომიკა - 2 250 ლარი წლიური გადასახადი, აბიტურიენტს შეუძლია ისარგებლოს მის მიერ მოპოვებული ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტით. სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია - შიდა საუნივერსიტეტო გრანტი 3 500 ლარის ოდენობით გაიცემა ყველა აბიტურიენტზე, მიუხედავად სახელმწიფო გრანტის ოდენობისა, ძირითადი პირობა არის ”კავკასიის უნივერსიტეტის” ამ ორი სპეციალობის პირველ ან მეორე არჩევნად მითითება. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში, წლიური გადასახადი იქნება მხოლოდ 150 ლარი, 70%-იანი გრანტით - 825 ლარი, 50%-იანი გრანტით - 1 275 ლარი, ხოლო სახელმწიფო გრანტის გარეშე 2 400 ლარი.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სწავლის საფასურის მიხედვით მესამე ადგილზეა. 2015 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, ”ჯიპას” ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე მიღებული სტუდენტებისთვის სწავლის წლიური ღირებულება 7000 ლარია. გარდა ამისა GIPA სტუდენტებს კოინების პროგრამას სთავაზობს, რომელის დახმარებითაც, შესაძლებელია სწავლის საფასურის შემცირება. სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2014-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური 5 000 ლარს შეადგენს. აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა GIPA-ში სწავლის მსურველთათვის 5,400 ლარს შეადგენს. სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური 5000 ლარია.

მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისების მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაცია სტუდენტებს გრანტით აჯილდოვებს. გრანტი გაიცემა შემდეგი პრინციპით: - სტუდენტი, რომელსაც ერთი აკადემიური წლის ან მიყოლებით ორი სემესტრის (მაგალითად, მე-2 და მე-3 სემესტრი) განმავლობაში ყველა საგანში ექნება უმაღლესი შეფასება "A" და მისი "GPA" იქნება "4.0", განთავისუფლებული იქნება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადისაგან 100 %-ით; თუ სტუდენტს ერთი აკადემიური წლის დამთავრების შემდეგ ყველა საგანში მიღებული ექნება უმაღლესი შეფასება "A", მაგრამ მისი "GPA" არ იქნება "4.0", ასევე განთავისუფლებული იქნება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადისაგან 100 %-ით; ხუთ სტუდენტს, რომლებსაც ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, ყველა საგანში ექნება მაღალი შეფასება და "GPA" ექნება "3.5" ან მეტი, უნივერსიტეტი ათავისუფლებს მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადისაგან, რეიტინგი შესაბამისი პროცენტით შემდეგნაირად ნაწილდება: I ადგილი - 70% II ადგილი - 60% III ადგილი - 50% IV ადგილი - 40% V ადგილი - 30%.

მეოთხე ადგილზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტია. GAU-ში ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი 5900 ლარია, ამდენივეა სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისთვის გადასახდელი თანხა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 4900 ლარი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი 4500 ლარია. გეოლოგიის, მშენებლობის, ინფორმატიკის, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური 3500 ლარია. GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.

სწავლის საფასურის სიდიდით მეხუთე ადგილს ”შავი ზღვის”  საერთაშორისო უნივერსიტეტი იკავებს. IBSU-ში სწავლის მაქსიმალური გადასახადი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ინგლისურ სექტორზეა და 5100 ლარს შეადგენს. როგორც "შავი ზღვის" უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მოცემული, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გადაიხადონ სწავლის გადასახადი რვა ნაწილად. IBSU-ს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში სტუდენტები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით პირველ ასეულში შესული სტუდენტები ისარგებლებენ 100%-იანი ფასდაკლებით და 8 თვის განმავლობაში მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით, ხოლო პირველ ორასეულში შესული სტუდენტები - 100 ლარის ოდენობით.

2014-15 სასწავლო წელს საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული, სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები ისარგებლებენ 100%-იანი ფასდაკლებით. დედმამიშვილების IBSU-ში ერთდროულად სწავლის შემთხვევაში თითოეული ისარგებლებს 15%- იანი ფასდაკლებით. საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდის განმავლობაში. სახელმწიფო გრანტის მფლობელი ოქროს მედალოსანი სტუდენტები ისარგებლებენ 100% -იანი ფასდაკლებით, ხოლო ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები 70%-იანი.

შავის ზღვის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური შემდეგნაირად ნაწილდება: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში ინგლისური სექტორი - 5100 ლარი, ქართულ სექტორში - 4680 ლარი; ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში - ინგლისური სექტორი 5100 ლარი, ქართული სექტორი - 4680 ლარი; ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი საბუღალტრო აღრიცხვაში ინგლისური სექტორი - 3960 ლარი, ქართული სექტორი 3540 ლარი; ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში, ინგლისური სექტორი - 5100 ლარი, ქართული სექტორი - 4680 ლარი; ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში, ინგლისური სექტორი - 3960 ლარი, ქართული სექტორი - 3540 ლარი; ინჟინერიის ბაკალავრი ინფორმატიკაში, ინგლისური სექტორი - 3960 ლარი, ქართული სექტორი - 3540 ლარი; სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში - ინგლისური სექტორი - 3960 ლარია, ქართულ სექტორში 3540 ლარი; სამართლის ბაკალავრი ქართული სექტორი -5100 ლარი, ინგლისური სექტორი - 5100 ლარი; სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში ქართული სექტორი - 4680 ლარი, ჟურნალისტიკის ბაკალავრი - 3540 ლარი. 

საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული უნივერსიტეტების ხუთეული bpn.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ასეთია: ”თავისუფალი უნივერსიტეტი”, ”კავკასიის უნივერსიტეტი”, ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” (GIPA), ”ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი”(GAU) და ”შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” (IBSU). ყველაზე ძვირად ღირებულ საბაკალავრო პროგრამად ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი გამოიკვეთა.

თეა ბითაძე

იხილეთ ვიდეო

bpn