დამუხტვის ევოლუცია - რა პერსპექტივა აქვს „ჭკვიან გზებს,“ რომელზეც ელექტრომობილი მოძრაობისას იმუხტება

ის აშშ-ის ქალაქებში მოასფალტებული გზის ნებისმიერ სხვა მონაკვეთს ჰგავს, მაგრამ მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში, მე-14 ქუჩა პირველი საჯარო ადგილია შეერთებულ შტატებში, სადაც ელექტრომობილით მოძროაბის დროს ბატარეა კი არ იცლება, არამედ იტენება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გზის მეოთხედი მილის, ანუ 400 მეტრ სიგრძის მონაკვეთი, რომელიც დეტროიტის კორქთაუნის რაიონში გადის, უკაბელო ტექნოლოგიის საპილოტო პროექტია, რომელსაც შეუძლია, ავტომობილები გზაზე გადაადგილებისას დატენოს.

კერძოდ, კომაპნია Electreon-მა ელექტრომაგნიტური კოჭები გზის ზედაპირის ქვეშ დააგო და ქალაქის ელექტროქსელს დაუკავშირა. ისინი გზის ზემოთ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნიან, რომელიც ელექტრომობილის ბატარეაზე მიმაგრებულ მიმღებს ენერგიას „ინდუქციური დამუხტვის“ პროცესის მეშვეობით გადასცემს. ეს მობილური ტელეფონის უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიის მსგავსია.

BBC-ის შეფასებით, მსგავსი გზები ადამიანს ერთ-ერთი მთავარი ბარიერის გადალახვაში დაეხმარება, რომელიც „დიაპაზონზე შფოთვის გამო ელექტრომობილზე მის გადაჯდომას ხელს უშლის.“

„იმის გამო, რომ დამტენი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რაც ელექტრომობილების დიდი რაოდენობის მხარდასაჭერად არის საჭირო, ხოლო გრძელი მოგზაურობის დროს მანქანის დამუხტვას დრო სჭირდება, მძღოლების უმეტესობა წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების შეცვლის გამო ყოყმანობს. თუმცა გზებმა, სადაც ავტომობილი მოგზაურობისას დამატებით მუხტს იძენს, შესაძლოა, ელექტრომობილების დიაპაზონის გაფართოებას ხელი შეუწყოს ან თუნდაც დამატებითი დამუხტვის საჭიროება მთლიანად აღმოფხვრას,“ - წერს BBC.

კომპანია Electreon-ის ბიზნესის განვითარების ვიცეპრეზიდენტი, სტეფან ტონგური BBC-ისთან აცხადებს, რომ თუ ოდესღაც მობილურ ტელეფონებს დამტენი კაბელები სჭირდებოდათ, მაგრამ დღეს ისინი უსადენოთაც იმუხტებიან, მალე იგივე შესაძლოა, ელექტრომანქანებზეც განმეორდეს.

„დამუხტვის ევოლუცია კაბელიდან უსადენოზე გადადის. ჩვენ გვექნება გზები, რომლებზეც ელექტრომობილები მოძრაობის ან პარკირების დროს დაიმუხტებიან,“ - ამბობს ტონგური.

Electreon უსადენო დატენვის ტექნოლოგიას ევროპის, აზიისა და ამერიკის შერჩეულ ადგილებში ტესტავს, ხოლო დეტროიტის გზაზე კომპანიამ მაგნიტური ინდუქციური კოჭები ნოემბერში დაამონტაჟა. სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ბაზაზე შესაბამისი მიმღები არის მიმაგრებული, გზაზე მოძრაობისას დინამიურად დამუხტვა შეუძლიათ.

პროექტს ნაწილობრივ, ანუ 1,9 მლნ დოლარით მიჩიგანის სატრანზიტო დეპარტამენტი აფინანსებს, ხოლო დანარჩენი წილი Electreon-მა გაიღო. ერთ მილზე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მლნ დოლარს შეადგენს. მიზანი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში „ჭკვიანი გზის“ სიგრძის ერთ მილამდე გაზრდაა, რომ ტექნოლოგია ქალაქის რეალურ გარემოში დაიტესტოს.

ზოგიერთი ექსპერტი კითხულობს, არის თუ არა ტექნოლოგია მასშტაბირებადი, რადგან „ჭკვიანი გზების“ მთელ ქალაქში ან საქალაქთაშორისო მაგისტრალის გრძელ მონაკვეთებზე გაფართოება ასტრონომიულ ხარჯს მოითხოვს. სტეფან ტონგური საპასუხოდ აცხადებს, რომ ტექნოლოგიის მომწიფებასთან ერთად უსადენო დამუხტვის მონტაჟის ღირებულება კლებას მალე დაიწყებს. ის პროგნოზირებს, რომ ფასმა მილზე შესაძლოა, 1,2 მლნ დოლარი, ხოლო თითო მიმღებზე 1000 დოლარი შეადგინოს.

ამასთან, ტონგური ამბობს, რომ „ტექნოლოგია ყველგან განლაგებისთვის არ არის გამიზნული და ყველა გზაზე არ უნდა დამონტაჟდეს, არამედ სტრატეგიულად უნდა იქნეს გამოყენებული იქ, სადაც ეს ყველაზე ლოგიკურია და კარგი ბიზნესმოდელები არსებობს.”

კომპანია, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს სატრანზიტო დერეფნებზე, რომლებზეც პროგნოზირებადი გრაფიკით ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისგან შემდგარი კომერციული ავტოპარკი მოძრაობს. ასეთ გზებზე უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიის გამოყენება ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, რადგან ისინი დასამუხტ სადგურთან გაჩერებით დროს აღარ დაკარგავენ.

ამასთან, სტეფან ტონგურის მონაცემებით, 250-300 კმ სიგრძის ელექტროგზამ გადატვირთულ მარშრუტებზე შესაძლოა, სატვირთო მანქანებიდან ნახშირორჟანგის გამოყოფა 200 000 ტონაზე მეტად შეამციროს. ტონგურის თქმით, Electreon-ს შეუძლია, თითო მიმღებზე 35 კვტ-მდე დინამიურ დატენვას მიაღწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები ან სატვირთო მანქანები, რომლებსაც სამი მიმღები ექნებათ, მართვის დროს 100 კვტ-მდე სიმძლავრეს მიიღებენ. ეს რამდენიმე მილის მანძილზე დიაპაზონის პოტენციურად უზარმაზარი გამაძლიერებელია და განსაკუთრებით სასარგებლოა გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დამტენი სადგურები ცოტაა.

სერვისის ხელმისაწვდომობის მიზნით Electreon მომხმარებელს, ასევე, სააბონენტო მოდელს სთავაზობს, როცა ოპერატორები საზოგადოებრივი, კომერციული და ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტი ექსპლუატაციისთვის, დაახლოებით, 800-დან 1000-მდე ოდენობით ყოველთვიურ გადასახადს გადაიხდიან. კომპანია ამას Charging-as-a-Service (CaaS) პლატფორმას უწოდებს და მას 9.4 მლნ დოლარის პარტნიორული დაფინანსებით ისრაელში, თელ-ავივის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორ Dan Bus Company-ისთან ერთად უკვე იყენბს. ეს კომპანია 200 ავტობუსისგან შემდგარ პარკს ფლობს.

თუმცა Electreon-ში მიიჩნევენ, რომ CaaS-ის მოდელი შესაძლოა, გზის ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის უფრო შესაფერისი იყოს, რომლებიც თავიანთი ელექტრომობილების დამუხტვას მოგზაურობის დროს ცდილობენ.

Electreon უსადენო დამუხტვის საპილოტე პროექტებზე მთელ ევროპაში მუშაობს. მათ შორის არის გერმანიის ავტობანის ნაწილის ელექტრიფიკაციის პროექტი. ამასთან, აშშ-ში კომპანია უკაბელო დამუხტვის გზას, ასევე, იუტას შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კვლევით ცენტრ Aspire-სთვის აშენებს. ტონგურის თქმით, Electreon-მა პენსილვანიის მაგისტრალის ელექტრიფიკაციაც სცადა.

BBC-ის ცნობით, უსადენო დამუხტვის ვარიანტების შესასწავლად მსუბუქი ავტომობილების სეგმენტში ავტომწარმოებელბს შორის კონკურენცია უკვე დაწყებულია და იზრდება კიდეც. კერძოდ, Electreon-თან უსადენო დამუხტვის პროექტში კონცერნი, Toyota პარტნიორობს. ასევე, BMW და Ford კომპანია Witricity-თან, ხოლო Stellantis-ი კომპანია Hevo Power-თან თანამშრომლობენ. რაც შეეხება Tesla-ს, ის, სავარაუდოდ, საკუთარ გადაწყვეტაზე მუშაობს, რადგან გასულ წელს მან უსადენო დამუხტვის კომპანია Wiferion ჯერ შეიძინა, შემდეგ კი გაყიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ