ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ტექსტისგან ჰიპერ რეალისტურ ვიდეოებს ქმნის - Sora by OpenAI

Sora ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ვიდეოგენერატორია, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ სულ რამდენიმე დღის წინ წარადგინა. იგი საშუალებას იძლევა, რომ მცირე ტექსტური აღწერა თითქმის სრულყოფილ, მაქსიმალურად რეალისტურ ვიდეოდ გარდაქმნათ.

უნდა აღინიშნოს, რომ Sora-ზე ხელმისაწვდომობა, Google-ს მსგავსი პროდუქტის, Lumiere-ს მსგავსად, შეზღუდულია და 1-წუთიანი ვიდეოების შექმნა შეუძლია.

იქედან გამომდინარე, რომ Sora-ს რესურსები შესაძლოა, ბოროტად იქნას გამოყენებული, საწყის ეტაპზე მისით მხოლოდ ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებიც ექსპერტები არიან როგორც ინტერნეტ სივრცეში სიძულვილის ენის, ისე ინფორმაციის საკითხებში. ეს პირები ხელოვნური ინტელექტის ახალ ფუნქციას ცდიან.

Sora ხელმისაწვდომი იქნება რეჟისორებისთვის, დიზაინერებისთვის და ზოგადად, ვიზუალური ხელოვანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა კუთხით შეძლებენ ამ მოდელის შეფასებას.

საყურადღებოა, რომ ამ ტესტირებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან Deep Fake ვიდეოების პრობლემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტია.

ახალ ვიდეოგენერატორს შესანიშნავად შეუძლია როგორც მოკლე, ისე დიდი ტექსტების ანალიზი და მათზე დაყრდნობით ვიდეოების შექმნა. იგი მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას აგენერირებს ცხოველების, ბუნების, ადამიანების, ურბანული გარემოს და წარმოსახვითი სამყაროს ჩათვლით.

თავად OpenAI-ში აცხადებენ, რომ მის ახალ სისტემას გააჩნია ისეთი სისუსტეები, როგორიცაა მიზეზ-შედეგობრიობის გაგება. ამის გარდა, Sora-ს უჭირს მარცხენისა და მარჯვენის ერთმანეთისგან გარჩევა.

რა თქმა უნდა, ყველა კარგად იაზრებს მსგავსი მასშტაბების ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე, კომპანიაშივე ამბობენ, რომ სანამ Sora ფართოდ გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა გადაიდგას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯი.

ბაჩანა ტყემალაძე