ღვინის ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა, წელს ყურძენი გააიაფოს

კახეთში წელს ყურძნის უხვ მოსავალს ელიან, თუმცა ღვინის ექსპორტის შემცირება, სავარაუდოდ, ყურძნის შესყიდვასა და მის ფასზე გავლენას მოახდენს.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, გასულ წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 მილიონი ბოთლი შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამავე წელს სულ 46,7 მილიონი ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული.

"ფასს ბაზარი ადგენს. რაც უფრო მაღალია მოთხოვნა, შესაბამისად, მაღალია ფასი. გამომდინარე იქიდან, რომ შემცირდა ექსპორტი, ამან შესაძლოა იმოქმედოს ყურძნის ფასზე და შარშანდელთან შედარებით ფასმა დაიკლოს. ჯერ რთველი წინ არის, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ყურძენზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც დაბალი იქნება," - განუცხადა ბპნ.გე-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ციცია მამულაშვილმა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას უმთავრესად ქართული ღვინის ორ ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში მოთხოვნის შემცირებით ხსნიან. რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და ვალუტის დევალვაციის გამო ქართული ღვინის ექსპორტი 83%-ით შემცირდა, უკრაინაში კი 63%-ით.

მართალია, ამის ფონზე იზრდება ექსპორტი სხვა ქვეყნებში, თუმცა ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, სადაც ეკონომიური კრიზისის გამო ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია.

"შემოდგომის მიწურულს, უკრაინის გარდა, პრობლემა რუსეთის ბაზარზეც გაჩნდა. რუბლის დევალვაციამ, რეალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა", - აღნიშნა ციცია მამულაშვილმა.

კახეთში გლეხები ამბობენ, რომ ყურძენი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თუ ყურძნის ფასი არ შენარჩუნდება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

"წლიდან წლამდე ვენახს ვუვლით, იმდენი მოვლა სჭირდება, ვერ წარმოიდგენთ. ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შარშან გვალვა იყო და ყურძენი სულ გახმა, წელს ფასი არ ექნებაო და რით უნდა გიცხოვროთ?", - აცხადებენ გლეხები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხოლოდ ერთი მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა.

თიკო გურაშვილი