ევროკავშირი და შვეიცარია მოქალაქეების საბანკო ინფორმაციას გაცვლიან

ევროკავშირმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გადასახადებისგან თავის არიდებაზე ზეწოლის მიზნით.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, შეთანხმება 2018 წლიდან შევა ძალაში, რის შემდეგაც ევროკავშირსა და შვეიცარიას შორის თავიანთი მოქალაქეების საბანკო ინფორმაციის, მათ შორის სახელების, მისამართების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო ნომრებისა და დაბადების თარიღების, ასევე მათი ანგარიშების ბალანსის მონაცემების, ავტომატური გაცვლა მოხდება.

"თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ შვეიცარიის ბანკებში არადეკლარირებული შემოსავლების დაფარვას", - წერს "ევრონიუსი".

"შეთანხმების ხელმოწერა საფუძველს ჩაუყრის ახალ ერას, რომელიც ევროკავშირსა და შვეიცარიას შორის საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობასა და თანამშრომლობას გულისხმობს. საუბარია საგადასახადო თაღლითებისთვის დარტყმის მიყენებაზე", - აღნიშნა ევროკომისარმა ეკონომიკის, ფინანსებისა და საგადასახადო საკითხებში პიერ მოსკოვიციმ.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირი საბანკო საიდუმლოებებისთვის ბოლოს მოღების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს მონაკოსთან, ლიხტენშტაინთან და ანდორასთან.