„სახელმწიფომ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს ე.წ. „სოციალური ქოლგა“ - უთანასწორობის პრობლემები საქართველოში

საქართველოში სოციალური უთანასწორობა შემცირდა - ასეთია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2023 წლის კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,1 პუნქტით შემცირდა და 0.36 ნიშნულს მიაღწია.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. აქამდე ჯინის კოეფიციენტის ყველაზე მცირე მოცემულობა 2020 და 2021 წლებში დაფიქსირდა და მაშინ 0.37-ს შეადგენდა.

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 479 ადამიანი იღებს, რაც 20 189 ადამიანით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი სოციალური დახმარების მიმღები თბილისში ცხოვრობს, (საერთო რაოდენობის თითქმის 21%), ხოლო ყველაზე ცოტა - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (13 271 ადამიანი).

რამ განაპირობა საქართველოში სოცდაუცველების რაოდენობის შემცირება და ასევე, ჯინის კოეფიციენტის შემცირება, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რამდენიმე მიზეზით ხსნის:

სოსო არჩვაძე: სოციალური უთანასწორობა ერთდროულად არის სოციალურიც, ეკონომიკურიც, ფსიქოლოგიურიც, მენტალურიც და რა თქმა უნდა, ისტორიულიც - ეს ყველაფერი ერთმანეთში არის გადაზრდილი. შესაძლოა, ერთისთვის 1000 ლარი შემოსავალი ითვლებოდეს როგორც სიღარიბის ზღვრად, სხვებისთვის კი ეს იყოს მიუღწეველი ოცნება. ამასთან, კეთილდღეობის კრიტერიუმებიც ცვალებადია და სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის განსხვავდება.

მაგალითისთვის, გავიხსენოთ 40-იანი წლების ბოლოს, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ რა კრიტერიუმები არსებობდა: „ჩვენი რაიონის პროკურორი რომ ჩამოდიოდა, ცალ-ცალი კალოშით დადიოდა, ახლა კი რეზინის ჩექმები აცვია და ტყავის ქურთუკში დაიარება“. სწორედ რეზინის ჩექმები და ტყავის ქურთუკი ითვლებოდა მაშინ კეთილდღეობის მაღალ დონედ. შემდგომ წლებში ეს იყო მსუბუქი ავტომობილი, მოგვიანებით ვიდეომაგნიტოფონი ითვლებოდა პრესტიჟისა და სოციალური უთანასწორობის თვალსაჩინო მაჩვენებლად“, - ამბობს სტატისტიკოსი.

სოსო არჩვაძე განმარტავს, რატომ არის ყველაზე ცოტა სოციალურად დაუცველი რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ბევრი - დედაქალაქში.

„ის, რომ უახლესი მონაცემებით რაჭა-ლეჩხუმში ყველაზე ნაკლები სოციალურად დაუცველია, შემდეგ ფაქტორზე მეტყველებს: ამ რეგიონში მოსახლეობის მაღალი წილი ასაკოვან ადამიანებზე მოდის, რომლებიც თავის მოთხოვნილებებში, ახალგაზრდებთან შედარებით, უფრო მოკრძალებულნი არიან. ამიტომ, მათი დამოკიდებულება უთანასწორობისადმი განსხვავებულია და შედარებით მცირე რაოდენობის მოთხოვნები აქვთ ყველაფრისადმი, მაშინ, როდესაც ახალგაზრდა თაობისთვის ეს ყველაფერი სრულებით არასაკმარისი იქნება. ამიტომაც არის, რომ ემიგრაციაში უფრო ახალგაზრდები მიდიან, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები. აქ მარტო ასაკისა და ჯანმრთელობის თემა არ არის, აქ უფრო წინ იწევს მენტალური დამოკიდებულებები, როდესაც ახალგაზრდას გაცილებით მეტის მიღწევა და შესაბამისად, მიღება სურს. ეს არ არის წმინდა ქართული დამოკიდებულება, ეს ზოგადი ტენდენცია და პროცესია“ - აცხადებს სტატისტიკოსი.

სწორედ ამით ხსნის ის განსხვავებას, რაც დღეს თბილისსა და საქართველოს გარკვეულ რეგიონებშია.

სოსო არჩვაძე განათლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გამოცდებში მოსწავლეები რეგიონიდან ლიდერობენ, მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც მათ უწევთ ყოფნა.

„სასწავლო ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კიდევ ბევრი ფაქტორი დიდ როლს ასრულებს სწავლებისა და შემეცნების გამომუშავებაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანია მასწავლებელთა გულისხმიერება და დამოკიდებულებაც, სწავლების ფორმატი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სწორედ რეგიონებიდან იღებენ ხოლმე აბიტურიენტები საკმაოდ მაღალ შეფასებებს და ისინი სჯობნიან თბილისის საუკეთესო სკოლების მოსწავლეებს, სადაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაცილებით კარგია. ამიტომ, ყველაფერი შეფარდებითია და საჭიროა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდეს წვდომა ისეთ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზებთან, როგორც ეს დედაქალაქშია“ - აღნიშნავს სტატისტიკოსი.

მისივე თქმით, გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნაბიჯების გადადმა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების მეტად დახმარებაა:

„ბოლო 7-10 წლის ტენდენციას თუ გადავავლებთ თვალს, ე.წ. ჯინის ინდექსი მცირდება და საქართველო საშუალო ევროპულ მაჩვენებელს უსწრებს. ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია და საჭიროა, სახელმწიფომ უფრო ეფექტურად გამოიყენოს ე.წ. „სოციალური ქოლგა“. ამაში იგულისხმება მონეტარული და არამონეტარული დახმარების სისტემა, რომლითად დაბალშემოსავლიანი ოჯახები მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

ასევე აუცილებელია, რომ შედარებით დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან გამოსულ ახალგაზრდას მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსები ჰქონდეს, რათა მან კარიერულ ზრდას მიაღწიოს და არ იყოს დაჩაგრული. საჭიროა მეტი მუშაობა, რათა შევზღუდოთ ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი, რაც მოტივირებულ და მოწადინებულ ახალგაზრდას კარიერულ ზრდაში ხელს უშლის და ეს ყველაფერი მას გარკვეულწლიად უბიძგებს, რომ მომავალი არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხოეთში წასვლას დაუკავშიროს. ამ ყველაფერზე მუშაობით, სოციალური უთანასწორობის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ეკა დარჩიაშვილი