”ბორჯომის” კრეატიული კამპანია უკრაინაში საუკეთესო ინოვაციურ პროექტად აღიარეს

კონკურსში "საუკეთესო მარკეტინგული ინოვაციები 2015" ქართული მინერალური წყლის სარეკლამო კამპანიამ ბრინჯაოს ტიტული მოიპოვა

ლვოვში გასულ წელს განხორციელებული "ბორჯომის" კრეატიული კამპანია "ბორჯომი პიანო" უკრაინაში 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ინოვაციურ პროექტად აღიარეს. კონკურსში "საუკეთესო მარკეტინგული ინოვაციები 2015" ქართული მინერალური წყლის სარეკლამო კამპანიამ ბრინჯაოს ტიტული მოიპოვა.

"ბორჯომის" მარკეტინგული პროექტი კომპანია IDS group-მა Banda Agency-სთან ერთად შექმნა. პროექტის ფარგლებში პიანინოს ფორმის აპარატი ლვოვის ქუჩებში გასული წლის ივნისში, ჯაზფესტივალის პერიოდში განათავსეს. აპარატი უფასოდ აწვდიდა ქართულ მინერალურ წყალს იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკალურ ნიჭს გამოავლენდნენ და აპარატზე მიმაგრებულ ფორტეპიანოზე კარგად დაუკრავდნენ.  "ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა შეგვექმნა ემოციური კავშირი აუდიტორიასა და ახალ ბრენდს შორის. იმისათვის, რომ "ბორჯომსა" და მის ახალ აუდიტორიას შორის კავშირი დაგვემყარებინა, საჭირო იყო ემოციის გამოყენება "შეფუთული" ინოვაციური პროექტის სახით", - წერენ პროექტ "ბორჯომი პიანოს" ავტორები.

პროექტმა მოულოდნელი შედეგები აჩვენა - ხუთი დღის განმავლობაში "ბორჯომის" ფორტეპიანოზე შემსრულებელთა და მაყურებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, შემსრულებლებს შორის იყო ლვოვის მერიც, რომლის მუსიკალურმა ნიჭმა ყველა გააოცა. გარდა ამისა, მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული მარკეტინგული პროექტი 40 ქვეყნაში 300-ზე მეტმა გამოცემამ გააშუქა. ხოლო "ბორჯომის" რეკლამის მნახველთა რიცხვი ინტერნეტში 8-დან 13 პროცენტამდე გაიზარდა.

კონკურსის "საუკეთესო მარკეტინგული ინოვაციიები 2015" ჟიურის სარეკლამო და კომუნიკაციების სფეროს 18 ექსპერტი წარმოადგენდა. ბრინჯაოს ნომინაციაში "ბორჯომი პიანოს" გარდა, კიდევ ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა. რაც შეეხება ოქროს ტიტულს, ეს ჯილდო პროექტ Rexona Match’n’Catch-ს გადაეცა. აღნიშნული კონკურსი უკრაინაში უკვე მეორე წელია იმართება.

იხილეთ ვიდეო

bpn