რიგით მერვე და მეცხრე - რუსეთის მოქალაქეობა კიდევ ორმა მილიონერმა დატოვა

რუსეთის მოქალაქეობაზე კიდევ ორმა ბიზნესმენმა თქვა უარი. ინფორმაციას Forbes მათ ნაცნობზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესენი ამერიკული IT-კომპანიების, Veeam Software-ისა და Object First-ის დამფუძნებლები, ანდრეი ბარონოვი და რატმირ ტიმაშევი არიან.

ისინი Forbes-ის სიის ამჟამინდელი და ყოფილი მონაწილეებიდან მერვე და მეცხრე ბიზნესმენები გახდნენ, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსული პასპორტები დათმეს. ბარონოვი და ტიმაშევი ხუთი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2017-იდან 2021 წლამდე „რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის“ რეიტინგში შედიოდნენ.

წყაროს ცნობით, მოქალაქეობის დათმობის პროცედურა ტიმაშევმა და ბარონოვმა კვიპროსის რესპუბლიკაში არსებულ რუსეთის საელჩოში გაიარეს და ამჟამად მათ მხოლოდ კვიპროსის მოქალაქეობა აქვთ დარჩენილი. თავად ბიზნესმენები დიდი ხანია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. კერძოდ, ბარონოვი შვეიცარიაში, ხოლო ტიმაშევი აშშ-ში ცხოვრობს.

თავისი გადაწყვეტილება ანდრეი ბარონოვმა LinkedIn-ში გახსნილ პროფილის გვერდზე დაასაბუთა, რომელიც ჯერ კიდევ 10 თვის წინ გამოაქვეყნა.

„მე ვარ კერძო პირი და საჯარო კომენტარს, განსაკუთრებით, პოლიტიკაზე არასდროს ვაკეთებდი. ამჯერად იშვიათ გამონაკლისს ვაკეთებ, რადგან ღრმად ვარ შოკირებული რუსული „სპეციალური ოპერაციით“ უკრაინაში... მე ოფიციალურად წარვადგინე ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია რუსეთის მოქალაქეობაზე უარის სათქმელად,“ - წერს ბარონოვი.

ამასთან, ბარონოვმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან მილიონობით დოლარი შესწირა ცნობილ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც „უკრაინის ტერიტორიაზე დევნილ უკრაინელებს“ ეხმარებიან.

ანდრეი ბარონოვმა, მისი მეგობრის ცნობით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის ინიცირება 2023 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო საკითხი იმავე წლის დეკემბერში მოგვარდა.

რაც შეეხება რატმირ ტიმაშევს, Forbes-ის მიერ განხილული მტკიცებულებების თანახმად, მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 2024 წლის იანვარში განაცხადა. ეს თავად ტიმაშევმაც დაადასტურა.

2020 წელს Forbes-მა ანდრეი ბარონოვის ქონება 770 მლნ დოლარად, ხოლო რატმირ ტიმაშევის - 680 მლნ დოლარად შეაფასა. მათი სიმდიდრის წყარო გახდა Veeam Software-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, როცა კომპანია 2020 წელს აშშ-ის ვენჩურულმა ფონდმა, Insight Partners-მა 5 მლრდ დოლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ უკ­რა­ი­ნის ომის დაწყებიდან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი, ბარონოვისა და ტიმაშევის გარდა, კიდევ შვიდმა უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა თქვა:

  • ტიმურ ტურლოვი, ჰოლდინგ Freedom-ის დამფუძნებელი და მთავარი მფლობელი
  • რუბენ ვარდანიანი, საინვესტიციო კომპანია „ტროიკა დიალოგის“ დამფუძნებელი
  • იური მილნერი, საინვესტიციო კომპანია DST Global-ის დამფუძნებელი
  • ნიკოლაი სტორონსკი, Revolut-ის დამფუძნებელი
  • ოლეგ ტინკოვი, Tinkoff Group-ის დამფუძნებელი
  • იგორ მაკაროვი - საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არე­ტის“ მფლობელი
  • ვასილ ანისიმოვი - კომპანიების, Coalco International-ისა და „ტრანსკონსალტის“ დამფუძნებელი

მოამზადა ლადო სულაბერიძემ