ბიჭი, რომელიც შიმშილს ეკლესიაში გალობით ივიწყებდა - როგორ იზრდება ელვის პრესლის ქონება გარდაცვალების შემდეგ

1954 წელს, 19 წლის ბიჭი ერთ-ერთი სოფლიდან ეძებდა გზას მუსიკალურ ინდუსტრიაში შესასვლელად. იმ დროს არავინ იცოდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ელვის აარონ პრესლი, მუსიკალურ ასპარეზს დაიპყრობდა და გახდებოდა ყველა დროის უდიდესი მომღერალი.

მისი სახელი კი გარდაცვალებიდან თითქმის ხუთი ათწლეულის შემდეგაც კი მსოფლიოსთვის ნაცნობი იქნებოდა, ხოლო ქონება ყოველწლიურად მილიონებს გამოიმუშავებდა.

თუმცა სიდიადისკენ მიმავალი გზა ადვილი არ იყო... 23 თებერვალს, სოფია კოპოლას ხმაურიანი ბიოგრაფიული ფილმის Priscilla-ს პრემიერა გაიმართა, რამაც პრისცილა პრესლის, ელვისისა და მათი ქორწინების მიმართ ინტერესი განაახლა.

მოდით გამოვიკვლიოთ ლეგენდარული მომღერლის ცხოვრება.

პრესლის ადრეული წლები

როკ-ენ-როლის მეფე 1935 წლის 8 იანვარს დაიბადა. დაბადებისთანავე მან დაკარგა ტყუპი ძმა, ჯესი გარონ პრესლი.

მომღერლის მამამ - ვერნონ პრესლიმ ლაივ პრესლისთან ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა. ოჯახს უჭირდა. ვერნონს სამსახურის შოვნა უჭირდა და ხშირად ოჯახი სამთავრობო სასურსათო დახმარებას ეყრდნობოდა.

1938 წელს ვერნონი რვა თვით დააპატიმრეს ჩეკის გაყალბებისთვის და პრესლის ოჯახმა სახლი დაკარგა. იმ დროს ელვისი სულ რაღაც სამი წლის იყო. სწორედ იმ დროს დაუახლოვდა პატარა ელვისი მუსიკას, ის მისთვის ერთგვარი ემოციური თავშესაფარი იყო. მოზარდი საგალობლად რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში.

გრემის სამგზის მფლობელმა პირველად საჯაროდ სკოლაში, 10 წლის ასაკში იმღერა. მან შეასრულა "Old Shep" და კონკურსში მეხუთე ადგილი დაიკავა. 18 წლის ასაკში ელვისი საკმაოდ პოპულარული იყო მისი მიმზიდველობის და ვარსკვლავური გარეგნობის გამო.

როდესაც მან ტერეზა ბრევერის შოუში "Till I Waltz Again With You" იმღერა, საჭირო ადამიანებმა სწორედ მაშინ შემაჩნიეს.

ელვის პრესლის ეპოქის დასაწყისი

1954 წლიდან 1956 წლამდე ელვისმა ბევრი წარუმატებლობა გამოიარა. მან ვერ შეძლო ათობით გასაუბრებების გავლა, მუსიკალურ კონტრაქტს არავინ უფორმებდა. თუმცა, ბავშვობიდან გამომდინარე იცოდა, რომ არასდროს უნდა დანებეულიყო.

მისი პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მაშინ, როდესაც მისი სიმღერა "Heartbreak Hotel" ზედიზედ შვიდი კვირის განმავლობაში გახდა ბილბორდის ტოპ 100 ნომერ პირველი სიმღერა.

1956 წელს ლეგენდის დებიუტი შედგა თავის პირველ მუსიკალურ კლიპში, Love Me Tender. მალევე პრესლიმ დაიწყო ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში გამოჩენა. მისმა სიმღერებმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო; თაყვანისმცემლების სულ უფრო მეტი რაოდენობა სიგიჟემდე იყო შეყვარებული მასზე.

1960 და 70-იანი წლები ელვის პრესლის პიკის ეპოქა იყო - ითამაშა 31 ფილმში და გამოუშვა 57 ალბომი. თითოეული ალბომის მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყიდებოდა.

გინესის მსოფლიო რეკორდებმა პრესლი დაასახელა ყველაზე გაყიდვად სოლო შემსრულებლად. 36 წლის ასაკში ელვისმა მიიღო გრემის "Lifetime Achievement Award".

ეკონომიკური აღზევება

1970-იანი წლების შუა პერიოდისთვის, ელვის პრესლი თითოეული კლიპიდან საშუალოდ 130,000 დოლარს გამოიმუშავებდა. შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) ინფლაციის კალკულატორის მიხედვით, 1970 წლის ივნისში 130,000 დოლარი, რომელიც დღევანდელი კურსით 1,030,856 დოლარს შეადგენს.

1956 წლისთვის ელვის პრესლიმ უკვე გაყიდა 22 მილიონი დოლარის ღირებულების ალბომი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.

ელვისის საშუალო ხელფასი კინოში 1 მილიონი დოლარი იყო; მან თავისი მასიური სიმღერების კატალოგი 1973 წლის მარტში 5,4 მილიონ დოლარად გაყიდა, რაც დღეს 38,3 მილიონ დოლარს უტოლდება.

თუმცა პრესლი, ისევე როგორც ბევრი სხვა ცნობილი მუსიკოსი, მოექცა ნარკომანიის ხაფანგში. 1973 წელს, როდესაც სულ რაღაც 38 წლის იყო, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, უმეტესწილად ნივთიერებების გადაჭარბებული მოხმარების გამო.

1977 წლისთვის ელვის პრესლი სულ სხვა გახდა; ოდესღაც მომხიბვლელი მომღერალი გარდაიქმნა, როგორც მას ახასიათებდნენ: “ჭარბ წონიან, დაცარიელებულ ადამიანად, რომელიც კონცერტებზე ძალით მიჰყავდათ“.

ბოლოს მსოფლიომ ელვისი სცენაზე 1977 წლის 26 ივნისს იხილა. შვიდი კვირის შემდეგ, 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში ის გარდაიცვალა.

პრესლის ქონება

ელვის პრესლიმ თავისი ქონება მამას, ვერნონს, ბებიას და მის ცხრა წლის ქალიშვილს, ლიზა მარი პრესლის დაუტოვა. მაგრამ გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ (1979 წელს) ვერნონიც გარდაიცვალა; მომდევნო წელს კი ბებია.

ლიზა მარი პრესლი, ვერნონის გარდაცვალების დროს, სულ რაღაც თერთმეტი წლის იყო, ამიტომ მეურვეობა ყოფილმა ცოლმა, პრისცილამ განაგრძო.

პრისცილამ შენიშნა, რომ სულ მცირე სამ წელიწადში ელვის პრესლის ქონება 1 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ქალიშვილის მომავლის გულისთვის მან საქმეები თავის ხელში აიღო. პრისცილა ჭკვიანი ბიზნესმენი აღმოჩნდა - ელვის პრესლის გრეისლენდის სახლი მუზეუმად აქცია.

ამ ნაბიჯმა კარგი შედეგი გამოიღო, რადგან ყოველწლიურად 600 000 ადამიანი სტუმრობდა ლეგენდის დასაფლავების ადგილს, ასევე მის საცხოვრებელ ოთახს, ცნობილ ტყეში (სადაც ის თავის მუსიკას ქმნიდა).

დღეს პრესლის გრეისლენდის სახლი არის ყველაზე მონახულებადი კერძო საკუთრება ამერიკაში და მეორე ადგილზეა თეთრი სახლის შემდეგ, როგორც ქვეყნის ყველაზე პოპულარული სახლი.

პრისცილამ ასევე გამოიყენა ელვის პრესლის უზარმაზარი მუსიკალური კოლექცია ჭკვიანურად, ნაწილთა გაყიდვით და ჰონორარებით. უმოკლეს დროში მან 1 მილიონი დოლარი 100 მილიონ დოლარად აქცია, წარმატებით და ზედმიწევნით აღადგინა პრესლის ფინანსური მემკვიდრეობა.

ლიზა მარი პრესლიმ მამის ქონება მემკვიდრეობით 1993 წლის 1-ელ თებერვალს მიიღო. იმ დროისთვის ელვის პრესლის მუსიკა და მისი გრეისლენდის ქონება ყოველწლიურად მილიონობით დოლარს აგროვებდა.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ელვისის ქონება რეგულარულად გამოიმუშავებდა 30-დან 35 მილიონ დოლარამდე წელიწადში.

2020 წელს ელვისის ქონებამ დაარეგისტრირა 30 მილიონი დოლარის მოგება, რომელიც 2022 წელს 110 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წელს კი მუსიკალური გაყიდვებით და მისი გრეისლენდის მუზეუმიდან პრესლიმ 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ლიზა მარი პრესლი გარდაიცვალა 2023 წლის იანვარში; მისი ერთადერთი ქალიშვილი (მსახიობი რაილი კიოგი) ელვის პრესლის შემოსავლიან ქონებას დაიკავებს, ხოლო პრისცილა პრესლი ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს მიიღებს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი