სავალუტო და საპარტნიორო ფონდებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა, მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფიტსის მონაწილეობით, საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ბოლო პერიოდში ფონდის მიერ დაწყებული პროექტებით, მათ შორის წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფციით. მათივე ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო ასევე ნენსკრა ჰესის პროექტი, რომლის განხორციელებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, მათ შორის EBRD ფინანსური მონაწილეობის შესახებ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სავალუტო ფონდის მისიას ინფორმაცია გააცნო.

მისიის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს ანგარიში ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბების თაობაზე, რომლის ფორმირების პროცესი საპარტნიორო ფონდში იტალიის ექსპორტის დაფინანსების სააგენტო "საჩესთან" ერთად მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს დასრულდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა ფონდის მენეჯმენტს მადლობა გადაუხადა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და პროექტების განხორციელების პროცესში ფონდს წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 19 მაისიდან იმყოფება და შეხვედრებს მართავს ქვეყნის საფინანსო ეკონომიკურ უწყებებთან. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია მისიის პროგრამის ფარგლებში მისი მეორე მიმოხილვისთვის ამზადებს.