„თიბისი კაპიტალი“ რეფინანსირების განაკვეთის 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

„თიბისი კაპიტალი“ 2024 წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული, აქამდე ელოდნენ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 9-დან 8,25%-მდე, თუმცა თებერვალში ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო დაბალი იყო, რამაც მოლოდინების დაკორექტირება გამოიწვია.

„მაღალი გეოპოლიტიკური რისკების გარდა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო და მსგავსი ქვეყნები ძირითადად აშშ-სა და ასევე გარკვეულწილად მაინც ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე არიან დამოკიდებული. საკუთრივ, ლარსა და დოლარს შორის საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი გარკვეული ლიმიტით არის შეზღუდული. ამდენად, ამერიკასა და ევროზონაში სადღეისოდ არსებული მაღალი განაკვეთები, ზოგადად განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების საწინააღმდეგო, მართალია ერთ-ერთი, თუმცა მაინც ანგარიშგასაწევი გარემოებაა.

თუმცა, ასევე საყურადღებოა დოლარში დენომინირებული საქართველოსა და აშშ-ს სამთავრობო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება, რაც ქვეყნის რისკ პრემიუმად მოიაზრება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს მაჩვენებელი შემცირდა, რაც ცალსახად დადებითი განვითარებაა და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი დაწევის რაციონალზე მიუთითებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

მერი ტაბატაძე