აშშ საქართველოსთვის დახმარებას 8 მილიონი დოლარით ამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად კონგრესს მიმართა. პროექტის მიხედვით, სახდეპი საქართველოსთვის 80 მლნ აშშ დოლარის თანხის გამოყოფას ითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022-2023-2024 წლების საბიუჯეტო მოთხოვნაში სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს 88 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის დახმარება 2025 წელს 8 მილიონით ნაკლები იქნება.

როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, 80 მლნ დოლარი მიმართული იქნება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, ევრო-ატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დახმარება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის, პოლიტიკური პლურალიზმის, კორუფციის შემცირების, დამოუკიდებელი მედიის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ოკუპირებულ აფხაზსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან შერიგების ნაწილში დახმარებას.

მერი ტაბატაძე