სამეგრელო-ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის პროგრამა ამოქმედდა. მათივე განცხადებით, 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და მთავრობის მხარდაჭერით იწყება ზუგდიდის დადიანების სასახლის კომპლექსის ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული - ნიკოს სასახლის და საგანგებოდ რთულ მდგომარეობაში არსებული - სენაკის ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე ასევე მომზადდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც 22 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტისგან შედგება და ნოქალაქევის სრულ კვლევა-კონსერვაციას, ახალი მუზეუმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ჩაეყრება საფუძვლად. ასევე ზაფხულში დაიწყება ნიკო ნიკოლაძის კოშკის სრული რეაბილიტაცია ფოთში.

როგორც სამინისტროში განმარტეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით უკვე მომზადებულია დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის საპროექტო დოკუმენტაცია და ასევე მზად არის სასახლის მთავარი ნაგებობის - ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და "იკომოს საქართველოს" მიერ განხორციელდა.

"ამ ეტაპზე, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, 2014 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესები განახლებულია და მიმდინარეობს სქურის ტაძრისა და ნოღას ციხე კომპლექსის რეაბილიტაცია. ასევე ჩაჟაშის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - შუა საუკუნეების ისტორიული სოფლის კონსერვაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე კოშკისა და მაჩუბის რეკონსტრუქცია", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.