ქართული წარმოების ბროწეულის წვენი შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს - „ახალი სეზონიდან ველოდებით შეკვეთებს“

გასულ წელს „ხორნაბუჯმა“ 80 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან 130 ტონა ბროწეულის მოსავალი მიიღო. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა გოგა ყაჯრიშვილმა განუცხადა, გასულ წელს ძლიერი სეტყვის გამო არასტანდარტული ბროწეულის მოსავალი მიიღეს.

მიუხედავად ამისა, „ხორნაბუჯმა“ ნატურალური წვენის გადამამუშავებელი ქარხანა გააკეთა და მოსავლის წვენად გადამუშავება შეძლო. ყაჯრიშვილის თქმით, მიღებული მოსავლიდან ბაზარზე მხოლოდ 20-25 ტონამდე ბროწეული გაიყიდა, დანარჩენი კი წვენად გადამუშავდა.

„გასული წელი შედარებით მძიმე იყო იმიტომ, რომ სეტყვებმა გადაგვიარა, არასაბაზრო/არასტანდარტული პროდუქტის დაკრეფა მოგვიწია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წვენის ქარხანა დავდგით, ამან ისეთი დაბრკოლება ვეღარ შეგვიქმნა, რამდენიც იმის წინა წელს“, - ამბობს დირექტორი.

კომპანიას ბროწეული ექსპორტზე არ გააქვს და ჯერჯერობით არც აპირებს. რაც შეეხება ნატურალურ წვენებს, „ხორნაბუჯს“ მოლაპარაკება აქვს სომხეთთან, ოთხ ქარხანაში უკვე გაგზავნილია ქართული წარმოების ბროწეულის წვენი და ახალი სეზონიდან ელოდებიან შეკვეთებს.

„სომხეთის ოთხ ქარხანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, გაშვებული გვაქვს საცდელი პარტიები. ახალი სეზონიდან ველოდებით შეკვეთებს. გვაქვს პოტენციალი, რომ ვაშლის გარდა ყველა ხილის წვენი დავწუროთ, როგორც ქლიავი, ასევე, ატამი, გარგარი, ყურძენი და ა.შ“, - ამბობს ყაჯრიშვილი.

ბროწეულსა და მის ნატურალურ წვენებზე ბაზარზე სეზონურად მოთხოვნა დიდია, ფასი კი ერთ ლიტრზე სტაბილურად 2-დან 3-ლარამდე მერყეობს.

„ვაწარმოებთ ნატურალურ წვენებს, ვასხამთ შემდეგ 200-ლიტრიან ჭურჭელში. ჩვენი ბრენდით ამ ეტაპზე არსად არ ვართ შესულები. „გუდვილს“ ვემსახურებით, მათი „რა კაიას“ წვენები ჩვენია. გაუყიდავი არ გვრჩება პროდუქცია, იმიტომ, რომ სეზონზე საკმაოდ მოთხოვნადია და გარდა ამისა, მერე სამაცივრიდანაც გადის ხოლმე წლის განმავლობაში.

რაც შეეხება „ხორნაბუჯის“ სამაცივრეს, 12-კამერიანია და ჯამში 360 ტონა პროდუქციის დატევა შეუძლია. როგორც ყაჯრიშვილი გვიყვება, სამაცივრე ძირითადად მათ პროდუქციას ინახავს.

„მაცივარი უფრო ჩვენი მოხმარებისთვის არის იმიტომ, რომ სიღნაღის რეგიონში პირველი შემოდის ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული და ადვილად იყიდება, მათ სამაცივრეში შენახვა არ სჭირდება. სეზონს ჩვენ ვხსნით. სამაცივრე გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენივე წარმოებული პროდუქცია შევინახოთ“, - განაცხადა გოგა ყაჯრიშვილმა.

მერი ტაბატაძე