Apple-მა დასაკეცი iPhone-ების პროტოტიპები შექმნა

Apple-მა დასაკეცი iPhone-ების ორი პროტოტიპი შექმნა, რომელზეც კომპანია 2018 წლიდან მუშაობდა. ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, თუ როდის ვიხილავთ გაყიდვაში დასაკეც Apple-ს სმარტფონებს.

The Information-ის ცნობების მიხედვით, დასაკეცი iPhone განვითარების ადრეულ ეტაპზეა, რის გამოც მის ბაზარზე გამოჩენას არ უნდა ველოდოთ. ამის გარდა, Apple მუშაობს დასაკეც აიპადებსა და პლანშეტებზე.

პროტოტიპის შექმნის მიუხედავად, კომპანიამ შესაძლოა, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გააუქმოს დასაკეცი სმარტფონის პროექტი, თუ პროდუქტი ხარისხისა და დიზაინის მაღალ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.

საგულისხმოა, რომ Apple-ის სამრეწველო დიზაინის გუნდის მთავარი მიზანი ის იყო, რომ შეექმნათ ისეთი სმარტფონი, რომელიც გაშლისას იმაზე უფრო თხელი იქნებოდა, ვიდრე ამჟამინდელი iPhone მოდელები, რათა დაკეცილ მდგომარეობაში მყოფი მოწყობილობა ძალიან სქელი არ ყოფილიყო. ინჟინრები ასევე განიხილავენ დასაკეცი მოწყობილობის დამატებით, გარე ეკრანით აღჭურვას, მაგრამ ეკრანის ტექნოლოგიების და ბატარეის არასაკმარისი განვითარება Apple-ისთვის ამ ამოცანას საკმაოდ ართულებს.

შეგახსენებთ, რომ Apple-მა დასაკეცი iPhone-ების პროექტი 2020 წელს შეაჩერა, რის პარალელურადაც ყურადღების გამახვილება დასაკეცი აიპადის პროექტზე დაიწყო.

ბაჩანა ტყემალაძე