რა ქონებას ყიდის სახელმწიფო აბასთუმანში 763 000 ლარად

ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე სახელმწიფო 4 მიწის ნაკვეთს, 2 დანგრეული და 1 ნანგრევი შენობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ჯამში 763 000 ლარად ყიდის.

აღწერილობიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი საპრივატიზებო უძრავი ქონება წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის (ყოფილი საჯინიბოს შენობა) ტერიტორიას.

„საპრივატიზებო ობიექტები მდებარეობს მდინარის სიახლოვეს, შესაბამისად, მყიდველის მიერ გასათვალისწინებელია ”წყლის შესახებ” საქართველოს კანონი და ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.

მიწის ნაკვეთები მდებარეობს აბასთუმნის მინერალური (თერმული) წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის მეორე (შეზღუდული რეჟიმი) ზონაში, რომლის ფარგლებში, დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ ჩამონათვალი განსაზღვრულია „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 მარტის № 161 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლით.

ობიექტები მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი - აბასთუმანი -ბენარას საავტომობილო გზის კმ93-ის მიმდებარედ, შესაბამისად საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: N61.11.21.654 და N61.11.23.357) განთავსებულია შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დ=200 მმ-იანი წყალარინების ქსელი, ასევე N61.11.21.654 საკადასტრო კოდით უფლებარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს დამატებით კვეთს დ=100 მმ-იანი წყალმომარაგების ქსელი. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წერილი იხილეთ დანართი N1-ში“, - აღნიშნულია აღწერაში.

მერი ტაბატაძე