Apple თავის სმარტფონებსა და მოწყობილობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს

Apple-მა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი თავისი საქმიანობისთვის გამოიყენოს. Apple-ის მკვლევართა ჯგუფის ინფორმაციით, მათ შექმნეს მულტიმოდალური AI მოდელთა ოჯახი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემაზეა დაფუძნებული და მას შეუძლია ისეთი სხვადასხვა ტიპის მონაცემების ინტერპრეტაცია და გენერირება, როგორიცაა ტექსტური და ვიზუალური კონტენტი (ფოტოსურათები). კომპანიის გავრცელებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მათ მიერ შექმნილი ეს მოდელი უმაღლესი შესაძლებლობებითაა აღჭურვილი და შეუძლია ტექსტის კონტექსტური სწავლა, სურათებზე ზუსტი რეაგირება და მაქსიმალურად საღი აზრით მსჯელობა.

ამ განცხადებით, ჩვენ მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რა სარგებელს მოუტანს Apple-ის სისტემას ხელოვნური ინტელექტი და სხვა მსგავსი პროდუქტები. ეს პროგრესი კი თავისთავად აისახება iPhone-ებზე, Mac-ებსა და Siri-ზე, იგივე ხმოვან ასისტენტზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ Apple-მა CNN-ის ინფორმაციით, Google-თან შეთანხმება დადო, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა Google-ის მიერ შექმნილი Gemini AI სხვადასხვა სახით iPhone-ებსა და კომპანიის სხვა პროდუქტებში ვიხილოთ. მსგავს სიახლეებს, iOS 18-ის გამოსვლისას უნდა ველოდოთ.

დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია ხარჯავს მილიარდობით დოლარს, რათა განავითაროს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და მეტიც, გამოიყენოს იგი საკუთარი კომპანიის და პროდუქტის კეთილდღეობისთვის.

Apple-ის ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებაზე ისიც პირნათლად მიუთითებს, რომ კომპანია ბოლო რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად იძენს სხვადასხვა AI სტარტაპებს, მაგალითად, Apple-მა ახლახანს შეიძინა სტარტაპი DarwinAI. კოპანიაში ასევე არსებობს მანქანათმცოდნეობის კვლევის განყოფილება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენაა მიმართული.

CFRA Research-ის უფროსმა ტექნიკურმა ანალიტიკოსმა, ანჯელო ზინომ განაცხადა, რომ Apple-ის ამჟამინდელი განვითარება მკვეთრად ჩამორჩება როგორც OpenAI-ის, ისე Gemini-ს, მაგრამ კომპანია სერიოზულად ცდილობს, რომ iOS 18-ში დაამატოს მაქსიმალურად მნიშვნელოვანი AI შესაძლებლობები და ფუნქციები. აქვე გეტყვით, რომ iOS 18 მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ახალი iPhone-ის მოდელთან ერთად გამოვა.

ბაჩანა ტყემალაძე