ლონდონში საქართველოს უძრავი ქონების ფორუმი გაიმართა

საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით, 29 მაისს ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში (დიდი ბრიტანეთის პარლამენტი) საქართველოს უძრავი ქონების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას 100-მდე ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენი ესწრებოდა. ბიზნეს ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ამ სექტორში მოღვაწე წამყვანი ქართული, ისე ბრიტანული და საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიები, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები და საქართველოთი დაინტერესებული მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონების სექტორში არსებული საინვესტიციო პროექტები გააცნეს. ღონისძიებაზე პრეზენტაციით ასევე წარსდგა EBRD-ის ბანკებისა და ინვესტიციების მიმართულების დირექტორი, კრისტოფერ კლაბი.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კომპანია m2-ის მიერ გაიმართა მიღება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც დაესწრო. მიღების ფარგლებში ორი ქვეყნის ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.