კლინიკებმა მომსახურება გააძვირეს

ექიმთან ვიზიტის გადასახადი და საოპერაციო ხარჯი თითქმის ყველგან გაიზარდა

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ლარის დევალვაციამ სამედიცინო მომსახურებაც გააძვირა. მედიკამენტების ფასის ზრდის შემდეგ არც კლინიკებმა დააყოვნეს და სამედიცინო მომსახურების თითქმის ყველა სერვისი 10%-ით გააძვირეს. დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში მოიმატა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების თანადაფინანსების ხარჯმა. გარდა ამისა, გაძვირდა კერძო კლინიკებში ექიმთან ვიზიტიც.

მომსახურების გაძვირების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებმა 2-3 თვის წინაც მიმართეს. კანონმდებლობის მიხედვით, კლინიკას უფლება აქვს არგუმენტირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ესა თუ ის ოპერაცია ან მომსახურება გააძვიროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებართვით. თუმცა, ფასების ზრდის ლიმიტი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დაზღვევის სფეროს სპეციალისტი გიორგი გიგოლაშვილი სამედიცინო მომსახურების გაძვირებას სავალუტო კურსს უკავშირებს. მისი თქმით, ლარის დევალვაციის გამო კლინიკებს მოემატათ სამედიცინო აპარატურისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯი და დანაკარგის ანაზღაურებას მომსახურების გაძვირებით ცდილობენ, რაც მოულოდნელი არ ყოფილა.

”ლარის გაუფასურების გამო სერიოზული პრობლემა შეექმნა იმ კლინიკებს, რომლებიც აპარატურას და წამლებს დოლარში ყიდულობენ, უცხოურ ვალუტაში აქვთ კრედიტიც და შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ დარჩათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვაობა 10%-ს არ აჭარბებს. მიჭირს ვარაუდი, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი სამომავლოდ კურსი არ დასტაბილურდება. ერთხელ გაძვირებული პროდუქტების გაიაფების შესახებ ნაკლებად მსმენია. ამდენად, სამედიცინო მომსახურებაზე ფასის დაწევას არც ლარის გამყარების შემთხვევაში ველოდები. სხვა საქმეა თუ კურსი 2-ის ნიშნულს ჩამოცდება. ამ შემთხვევაში შეიძლება, ზოგიერთმა კლინიკამ ფასი მცირედით შეამციროს, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტა იქნება”,- აცხადებს გიგოლაშვილი.

ჯანდაცვის სფეროს ანალიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყაროს” თავმჯდომარე ზურაბ ფუტკარაძე განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურების გაძვირების გამო, ბენეფიციარების თანადაფინანსების ხარჯი 5-6%-ის ფარგლებში მოიმატებს. სამედიცინო სექტორში მომხდარი საფასო ცვლილება ლარის დევალვაციის ადეკვატურად რომ განხორციელებულიყო, მომსახურება, სულ მცირე, 20%-ით გაძვირდებოდა. ფუტკარაძის აზრით, 10%-იანი სხვაობა ყველაზე ოპტიმალური გზაა, რასაც კლინიკებმა შექმნილ სიტუაციაში მიმართეს.

”სამედიცინო მომსახურების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ლარის დევალვაციასთან, კლინიკებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის 35%-ით გაუფასურდა. ცხადია, ეს სამედიცინო დარგზეც აისახა, მათ შორის, მედიკამენტებსა და აპარატურაზე. ცვლილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ახლა მთავარია, რა ღონისძიებას მიმართავს ჯანდაცვის სამინისტრო და რამდენად შეუწყობს ხელს, რომ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსების ხარჯის დაფარვა მტკივნეული არ გახდეს. ჩემი აზრით, სხვაობა პროგრამაში მონაწილე მოქალაქეებისთვის 5-6%-ის ფარგლებში იქნება. არ გამოვრიცხავ, სამედიცინო მომსახურების ტარიფი სამომავლოდაც გაძვირდეს, თუკი ქვეყანაში სავალუტო კურსი არ დასტაბილურდება. ამ ეტაპზე 10%-იანი სხვაობა მინიმალურია იმასთან შედარებით, რა მაჩვენებლითაც ლარი გაუფასურდა. კლინიკებს ფასის გადახედვა ამ პროცესის ადეკვატურად რომ მოეხდინათ, სამედიცინო მომსახურება საქართველოში რეალურად 20%-ით უნდა გაძვირებულიყო. მესმის, მოქალაქეებისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული თემა, მაგრამ რეალობაა”, - აცხადებს ფუტკარაძე.

ფასის ზრდა ყველაზე მტკივნეულად აისახა იმ ბენეფიციარებზე, რომლებსაც ძვირადღირებული მომსახურება სჭირდებათ. ბუნებრივია, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის თანადაფინანსების ხარჯიც დიდია. ვისაც ოპერაცია უკვე დაუფინანსდა, მომსახურების გაძვირების გამო, ანგარიშფაქტურის შევსება თავიდან მოუწევს. ამ მხრივ მათ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და საჭირო დოკუმენტის ხელახლა წარდგენის შემთხვევაში, პასუხი დროში არ ჭიანურდება.

7 წლის დემნას საზარდულის თიაქარის ოპერაცია ერთ კვირაში უნდა გაუკეთდეს, მაგრამ ახლა ამ ვადამ რამდენიმე დღით გადაიწია.

”ოპერაციის ღირებულება 805 ლარია. აქედან თანადაფინანსების ხარჯი მხოლოდ 25 ლარით გამიძვირდა. უკმაყოფილო არ ვარ, რადგან ისედაც მიზერული თანხის გადახდა მიწევს, თანაც არც დროში მაქვს შეზღუდვა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან მაცნობეს, რომ ახალი ანგარიშფაქტურის წარდგენა მომიწევს. ამ ეტაპზე 2-თვიანი ლოდინი არ დამჭირდება და პასუხს 2 დღეში მივიღებ. სახელმწიფო ისედაც შეღავათს მიკეთებს და უმადური რატომ უნდა ვიყო? წამლების ფასი კი მეორე საკითხია, რომელიც საზოგადოდ ყველას აწუხებს. გარდა ამისა, ექიმის ვიზიტში ხომ უნდა გადავიხადო, დაზღვევა ბევრგან არ ვრცელდება. ბავშვი რომ კერძო კლინიკის პედიატრთან მივიყვანო, 70 ლარი დამჭირდება. ორიოდე თვის წინ 50 ლარი ღირდა. ვშიშობ, მომსახურების გაძვირება ჩემს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებს”, - ამბობს ნანა სამხარაძე.

40 წლის სანდრო გ. ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია. ამბობს, რომ ექიმთან ვიზიტი 50 ლარი ღირს, ხოლო კონსულტაცია ყოველთვე უწევს, რისი გადახდის შესაძლებლობაც ავადმყოფს არ აქვს.

”კერძო კლინიკაში დავდივარ, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ვრცელდება. ვერც სხვაგან მივდივარ, რადგან ფსიქიატრის მომსახურება ყველგან ძვირი ღირს და შეღავათს არ ველოდები. რამდენიმე თვის წინათ 30 ლარს ვიხდიდი, თებერვალში ექიმთან ვიზიტი 10 ლარით, ხოლო წინა თვეს კიდევ ამდენივეთი გააძვირეს. კონსულტაცია ყოველთვე მჭირდება და ჩემს ოჯახს ამ თანხის გადახდა ძალიან უჭირს. მესამე წელია, რაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი ვარ. ყოველთვე 200 ლარის წამალი მჭირდება, ვიზიტის ფულს თუ დავამატებ, ხარჯი 250 ლარამდე ადის. ლარის გაუფასურებამდე თვეში 110 ლარი მყოფნიდა. როდესაც ერთ-ერთ აფთიაქში უკმაყოფილება გამოვთქვი, ფარმაცევტმა მითხრა, რა ვქნა, ფსიქოტროპული მედიკამენტია და 80%-ით გაძვირდაო. უკვე ვერ ვაცნობიერებ, სანამდე ეყოფა ჩემს ოჯახს ფინანსური შესაძლებლობა”, - ამბობს პაციენტი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”