ვის ეკუთვნის ობიექტები, რომლებიც  ქართულენოვანი წარწერების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ

გასულ წელს, ტრანსლიტერაციის წესის დარღვევის გამო, ჯამში 16 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოიწერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გასულ წელს მონიტორინგის სამმართველოს რეკლამების მონიტორინგის განყოფილების მიერ გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ, ჯამში, 63 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ობიექტებს, რომლებიც ქართულენოვანი წარწერების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, თითოეულს მაქსიმუმ 7000 ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა.

გთავაზობთ იმ კომპანიების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ქართულენოვანი წარწერების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ:

ბათუმში მდებარე შპს ,,დალია 2012'', ჯარიმა 3000 ლარი - კომპანიის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

,,გე თე ეს ჯგუფი'' - რუსთავის გზატკეცილი, ჯარიმა 3000 ლარი - 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიის 34%-ან წილს ფლობს სულხან სესიაშვილი, ხოლო აქციების 33-33%-ს გიორგი პასჩენკო და თეიმურაზ იოსელიანი (საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე). დირექტორია სულხან სესიაშვილი.

,,მეჯიქ ქლაუდ'' - თბილისი, ვარკეთილი - ჯარიმა 3000 ლარი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი როზა ვაშაკიძეა.

,,მაიდონოზ'' - გურჯაანი, სოფელი ქვემო ლამბალო, ჯარიმა 3000 ლარი - კომპანიის მფლობელი და დირექტორი აბდულლაჰ ქოროღლუა.

,,ბურჰან'' - თბილისი, დიდუბის რაიონი , ჯარიმა 3000 ლარი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ობიექტის 60%-ანი წილის მფლობელია ზაქირ ყურბანოვი, 40%-ის ილგარ ალაზოვი. დირექტორია ზაქირ ყურბანოვი.

,,მილა 2018'' - თბილისი, ჯარიმა 3000 ლარი - კომპანიის მფლობელი და დირექტორია მირანდა სულამანიძე.

,,კაფე კეში'' - გარდაბნის რაიონი, სოფელი ფოლადაანთკარი, ჯარიმა 3000 ლარი - როგორც სამეწარმეო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ობიექტის მესაკუთრე და დირექტორი არის იორდანიის მოქალაქე (ალფაროუქ ბეშრ) ომარ აჰმად იგბირიეჰ.

,,დუბაი კაფე'' - ახალციხის რაიონი, აბი, ჯარიმა 5000 ლარი - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია იორდანიის მოქალაქე ალაა საად ეზედეენ ალმალკავი.

,,პალერმო''- თბილისი, ვარკეთილი, ჯარიმა 5000 ლარი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ობიექტის მფლობელი და დირექტორი ბექა ტოტოლაშვილია.

,,სოშიალ'' - თბილისი, ჯარიმა 5000 ლარი - კომპანია ეკუთვნის ინდოეთის მოქალაქეებს აფში მუჯაჰიდს და სიედ მოჰამმად მუჯაჰიდ ო სიედ მანსოორ ალის. დირექტორის პოსტსაც ორივე მათგანი იკავებს.

,,მაიდონოზ'' - გურჯაანი, სოფელი ქვემო ლამბალო, ჯარიმა 7000 ლარი - ობიექტის მესაკუთრე და დირექტორი თურქეთის მოქალაქე აბდულლაჰ ქოროღლუა.

,,მეტრომარტ'' - თბილისი, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ჯარიმა 6000 ლარი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მეტრომარტის 66.67%-ს ფლობს ზურა ავაქიანი, ხოლო 33.33%-ს სომხეთის მოქალაქე ანუშ ოგანისიანი. დირექტორია - დავით ძიგოშვილი.

,,დიემთი ქორფორეიშნ'' - თბილისი, ჯარიმა 5000 ლარი - კომპანიის მფლობელები არიან ინდოეთის მოქალაქეები ასიფ ალი და ჰონეი ნარანგი. დირექტორის მოვალეობასაც ორივე მათგანი ასრულებს.

,,სოპფეთ ზამან'' - თბილისი, ჯარიმა 5000 ლარი - ობიექტის მესაკუთრე და დირექტორია ირანის მოქალაქე ნაფისე საფარი.

,,სასტუმრო აბასთუმანი'' - თბილისი, ჯარიმა 3000 ლარი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-ს ფლობს დარეჯან სადუნიშვილი, დირექტორის პოსტს იკავებს - რევაზ გოგეშვილი.

ნინი ქეთელაური