S&P-მა ლომთაძის Kaspi Bank-ის პროგნოზი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ მიხეილ ლომთაძის Kaspi Bank-ზე პროგნოზი გააუმჯობესა. ამის შესახებ სააგენტოს ანგარიშში წერია.

კერძოდ, S&P-მა Kaspi Bank-ის რეიტინგი „BB+/B“ დონეზე დაადასტურა და მასზე პროგნოზი “სტაბილურიდან” “პოზიტიურამდე” გააუმჯობესა. ასევე, ეროვნული მასშტაბით Kaspi Bank-ის რეიტინგი „kzAA“-დან „kzAA+“-მდე გაიზარდა.

ამასთან, S&P ყაზახეთში აქტივებისა და დეპოზიტების ოდენობით Kaspi Bank-ს, “სახალხო ბანკთან” (Halyk Bank) ერთად, უმსხვილეს ბანკად თვლის. თავად ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებითაც, 2024 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის 21 ბანკს შორის აქტივების მიხედვით პირველ ადგილზე Halyk Bank-ი, მეორეზე კი Kaspi Bank-ია.

ცნობისთვის: თებერვლის შუა რიცხვებში Kaspi Bank-მა, რომელიც ჯგუფ Kaspi.kz-ის წევრია, ყაზახეთის საფონდო ბირჟას აცნობა, რომ ობლიგაციების დავალიანება სრულად დაფარა. ამასთან, Kaspi Bank-მა გასულ წელს სუფთა მოგების მნიშვნელოვანი, 31,4%-იანი ზრდა აჩვენა. რუსეთის მეზობელი ქვეყნების სანდო ბანკების რეიტინგში Kaspi Bank-მა 2023 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ჯგუფ Kaspi.kz-ს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაბალი მოცულობისა და ლისტინგის მაღალი ხარჯის გამო ჯგუფმა მიმდინარე წლის 25 მარტისთვის თავისი აქციებისა და გლობალური დეპოზიტარი ქვითრების (GDRs) დელისტინგი განახორციელა. თუმცა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს Kaspi.kz-მა IPO აშშ-ის უდიდეს ტექნოლოგიურ ბირჟაზე, NASDAQ-ზე გამართა, რომელიც შეერთებულ შტატებში გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი, ხოლო 2024 წელს ერთ-ერთი პირველი IPO იყო. ამერიკის ტექნოლოგიურ ბირჟაზე IPO-ს განხორციელების შემდეგ kaspi.kz-ს საბაზრო ღირებულებამ 17,95 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

დღეის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის 23%-ს ვიაჩესლავ კიმი, ხოლო მიხეილ ლომთაძე 25%-ს ფლობს. 28%-ი Baring Vostok Capital Partners-ში შემავალი ფონდის მფლობელობაში, ხოლო 21%-ი თავისუფალ მიმოქცევაშია.

ლომთაძე Kaspi.kz-ს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მიმდინარე თვეს ის, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს დაუბრუნდა. ლომთაძის ქონება Bloomberg-ს 5.82 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული და მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ის 492 ადგილს იკავებს. რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე ამ სიაში 2021 წლის აპრილიდან არის. Forbes-ის მიხედვით, ის 5.3 მლრდ დოლარს ფლობს და რეიტინგში 573-ე ადგილზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ