ლითიუმი, კობალტი, ნიკელი - კრიტიკული მინერალები და ქვეყნების ბრძოლა „მმართველობისთვის“

სამყარო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული კრიტიკულ მინერალებზე. მინერალებს ეფუძნება ყველაფერი, სმარტფონებიდან დაწყებული - სამედიცინო მოწყობილობებით, ელექტრო ავტომობილების ბატარეებითა და მზის პანელებით დასრულებული. ტექნოლოგიური ეპოქისთვის მინერალების მოპოვებაზე კონტროლის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია და მსოფლიოს მართვას უდრის.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად, დიდი ქვეყნები იბრძვიან, რომ დაიცვან ამ კომპონენტების მარაგი და უფრო მეტიც, მართონ.

რა არის კრიტიკული მინერალები და როგორ იბრძვიან ქვეყნები

კრიტიკული მინერალები არის მეტალის არალითონური ელემენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების, ეკონომიკებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის გამართულად მუშაობა, არადეფიციტური მდგრადი გარემოს შექმნა და ვაჭრობა მსოფლიოს გარშემო. ამ აუცილებელი მინერალების გარეშე, თანამედროვე ცივილიზაციას გაუჭირდება ფუნქციონირება. თითქმის შეუძლებელი გახდება “მწვანე“, განახლებად ენერგიაზე გადასვლა.

დღევანდელ მსოფლიოში კრიტიკული მინერალები აძლიერებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე შეუცვლელი გახდა. ისინი ასევე გამოიყენება ფოლადის, ცემენტის, მინის, ნახევარგამტარების, მაგნიტების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების (და სხვა სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების), ლაზერების, იარაღის (და სხვა თავდაცვის მასალების), კომერციული თვითმფრინავების, ბირთვული რეაქტორების, ლეპტოპების, სასუქების წარმოებაში.

რამდენი კრიტიკული მინერალია მსოფლიოში?

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სია 50 მათგანს ასახელებს. ევროკავშირმა და იაპონიამ კრიტიკულად მნიშვნელოვნად მინერალად მხოლოდ 34 დაასახელა.

ავსტრალია და კანადა 31 კრიტიკულ მინერალს იდენტიფიცირებენ, თუმცა მათი სია არ არის ზემოაღნიშნულთან იდენტური. ინდოეთის სიაში კი შედის 30 კრიტიკული მინერალი, ჩინეთის ჩამონათვალში - 24, ხოლო დიდი ბრიტანეთის ვერსია შედგება მხოლოდ 18-ისგან.

თუმცა არსებობს 10 კრიტიკული მინერალი, რომლებიც ყველა ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს “სიმდიდრედ“ აღიარა. ესენია: ალუმინი, ანტიმონი, კობალტი, სპილენძი, ფთორი, გრაფიტი, ლითიუმი, ნიკელი, იშვიათი მიწაელემენტები და ვოლფრამი.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) განაცხადა, რომ ამ 10 მინერალიდან ოთხი : ლითიუმი, კობალტი, სპილენძი და ნიკელი, აუცილებელია მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის:

ლითიუმი

ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი, ეს რბილი, ვერცხლისფერი ელემენტია, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი სიმკვრივე ყველა ლითონთან შედარებით. ლითიუმი არის ბატარეებისთვის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც კვებავს ელექტრო მანქანას, სმარტფონებსა და ლეპტოპებს, სამედიცინო მოწყობილობებს, დრონებს და თანამგზავრებს.

ლითიუმი შერწყმულია ალუმინთან და მაგნიუმთან, რათა წარმოიქმნას შენადნობები, რომლებიც გამოიყენება თვითმფრინავებში და მაღალსიჩქარიან მატარებლებში. ნაერთები ასევე გამოიყენება კონდიცირების ბლოკებში და სამრეწველო ლუბრიკანტებში. გარდა ამისა, ლითიუმის ნაერთები გამოიყენება მედიკამენტებში და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, მოქმედებს როგორც განწყობის სტაბილიზატორი.

2017-2022 წლებში, ლითიუმ-იონური ბატარეების მზარდ ბაზართან ერთად, მასზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2030 წელს, ლითიუმის კარბონატის ეკვივალენტზე (LCE) მოთხოვნა, რომელიც გამოიყენება ლითიუმის შემცველობის კლასიფიკაციისთვის, გადააჭარბებს 2,4 მილიონ ტონას.

ავსტრალია მსოფლიოში ნომერ პირველი ლითიუმის მწარმოებელი ქვეყანაა. გასულ წელს მან აწარმოა 86 000 მეტრი ტონა მინერალი.

ჩინეთი არის შემდეგი უმსხვილესი, რომელმაც 2023 წელს 33,000 მეტრი ტონა ლითიუმი აწარმოა.

კობალტი

კობალტი წვის დროს გამოყოფს ტოქსიკურ ორთქლს, რის გამოც მე-16 საუკუნის საქსონიის მაღაროელებმა ის მითიურ არსებასთან დააკავშირეს. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც მას ძირითადად იყენებდნენ საღებავების, სამკაულების და ფერადი მინის დასამზადებლად, კობალტი ახლა ლითიუმ-იონური ბატარეების სასიცოცხლო კომპონენტია.

კობალტზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა 2017-2022 წლებში. მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა კრიტიკულ მინერალზე გაორმაგდება, რაც გამოწვეულია ელექტრო ავტომობილების ბატარეების მზარდი საჭიროებით.

2030 წლისთვის ბატარეის მოთხოვნა კობალტზე სავარაუდოდ 320 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწევს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (DRC) არის მსოფლიოში კობალტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი.

2022 წელს ინდონეზიამ აჯობა ავსტრალიასა და ფილიპინებს და გახდა მსოფლიოში კობალტის მეორე უდიდესი მწარმოებელი ქვეყანა.

სპილენძი

სპილენძი ახლა მსოფლიოში მესამე ყველაზე მოხმარებადი ლითონია. მისი მოქნილობის, გამძლეობისა და გამტარი თვისებების წყალობით, ელემენტი ელექტრო მოწყობილობების აუცილებელი კომპონენტია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ენერგიის რევოლუციისთვის. მის გარეშე ელექტრო მანქანები, ქარის ტურბინები, მზის პანელები და სხვა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები უბრალოდ არ იარსებებს.

ამერიკული მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ის თანახმად, ამ ლითონზე წლიური მოთხოვნა სავარაუდოდ, 2031 წლისთვის 36.6 მილიონ ტონას მიაღწევს. 2035 წლისთვის კი მოთხოვნა გაიზრდება, საჭირო იქნება 50 მილიონი ტონა.

ამჟამად ჩილე არის მსოფლიოში წამყვანი სპილენძის წყარო, რომელიც აწარმოებს 5,3 მილიონ ტონა ლითონს წელიწადში. შემდეგი პერუ 2.6 მილიონი ტონით და ჩინეთი 1.7 მილიონი ტონით წელიწადში.

მაგრამ როდესაც საქმე ეხება კომპანიებს, ამერიკა კვლავ პირველ ადგილზეა. ამ ბიზნესში სპილენძის სამი უმსხვილესი მწარმოებელია ამერიკული Freeport-McMoRan, ავსტრალიური ფირმა BHP და ჩილეს Codelco.

ნიკელი

კოროზიისადმი მდგრადობის გამო, ნიკელი დიდი ხანია გამოიყენება ისეთი შენადნობების დასამზადებლად, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი.

ტექნოლოგიის დიდი ნაწილი, რომელიც მართავს ჩვენს თანამედროვე სამყაროს, შეიცავს ნიკელს. ლითონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ფართოდ გამოიყენება მწვანე ტექნოლოგიებში.

გასაკვირი არ არის, რომ ეს ზრდის ნიკელზე მოთხოვნას. Global Industry Analysts-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება პროგნოზირებს, რომ ნიკელზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 3.5 მილიონ ტონას მიაღწევს.

ერთი რამ ცხადია: მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, გამოიწვიოს მიწოდების პრობლემები, რაც მოითხოვს ფასების მნიშვნელოვან ზრდას ან ტექნოლოგიის ცვლილებას.

ინდონეზია არის ნიკელის მოპოვებისა და გადამუშავების უდიდესი ცენტრი მსოფლიოში. გასულ წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ 1,8 მილიონი ტონა ლითონი აწარმოა. მეორე ადგილზეა ფილიპინები: 400 000 ტონით, ხოლო რუსეთი და საფრანგეთი მესამე და მეოთხე ადგილს ინაწილებენ.

ჩინეთის დომინირება კრიტიკული მინერალების გადამუშავებაში

ჩინეთი ამჟამად ლიდერობს მსოფლიოში კრიტიკული მინერალების გადამუშავებაში და არის მრავალი მნიშვნელოვანი ელემენტის წამყვანი მწარმოებელი.

სახალხო რესპუბლიკა ამუშავებს მსოფლიო სპილენძის 40%-ს, ლითიუმის 59%-ს, ნიკელის 68%-ს და კობალტის 73%-ს. ქვეყანა ასევე პასუხისმგებელია იშვიათი მიწაელემენტების 85%-ის გადამუშავებაზე და აკონტროლებს პლანეტის ბუნებრივი გრაფიტის მარაგის 100%-ს, მანგანუმის 90%-ზე მეტს.

ჩინეთის დომინირება გლობალური კრიტიკული მინერალების ინდუსტრიაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის შეშფოთების მთავარი მიზეზი.

რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ გლობალური კრიტიკული მინერალების ინდუსტრიაში მთავარი მოთამაშე გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ქვეყანას სანქციები დაუწესა, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისამდე ბლოკმა რუსეთიდან შეიძინა 15 მილიარდი დოლარის კრიტიკული ნედლეული, მათ შორის დიდი რაოდენობით ნიკელი და სპილენძი.

გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას რათა 2030 წლისთვის იშვიათი მიწაელემენტების მსოფლიოში მეორე უდიდესი მწარმოებელი გახდეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ითვლება, რომ უკრაინაში 500 000-ზე მეტი ტონა ლითიუმის აღმოჩენამ, შეიძლება პუტინს ომის წარმოებს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. თუმცა, ეს მხოლოდ ჭორებია...

გარდა უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების ძარცვისა, რუსეთი მტკიცედ იკავებს ამ ძვირფასი საქონლის აფრიკის მარაგებს.

BBC-ის მიერ აღმოჩენილი შიდა რუსული სამთავრობო დოკუმენტების თანახმად, მოსკოვი “ვაგნერის ჯგუფის“ მეშვეობით, კონტინენტის მთავრობებს „რეჟიმის გადარჩენის პაკეტს“ სთავაზობს, თუმცა სანაცვლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებზე წვდომა სურს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი