დასავლური ბანკები ევროკავშირს რუსული აქტივების გაყინვის შესახებ აფრთხილებენ - იურიდიული დავები და მოსკოვის ფინანსური მუქარა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული აქტივების გაყინვით მილიარდობით ევროს პროცენტი მიიღო, რასაც ზოგიერთი დასავლური ბანკი კრიტიკულად აფასებს, ვინაიდან ამ ქმედებებმა შესაძლოა, სერიოზული სამართლებრივი დავები გააჩაღოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

ევროკავშირის ლიდერები დღეს შეთანხმდნენ, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას გეგმაზე, რომელიც წელიწადში 3 მილიარდ ევროს გამოიყენებს უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. ხოლო ამ თანხის მოძიებას ევროკავშირი სწორედ გაყინული რუსული აქტივებიდან აპირებს.

სწორედ ამიტომ, ზოგიერთი დასავლური ბანკი შიშობს, რომ მათ შესაძლოა, მოგვიანებით რუსეთმა გარკვეული პასუხისმგებლობები დააკისროს. ამასთან ერთად, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზარზე, დასავლეთის საბანკო სისტემისადმი ნდობა კიდევ უფრო გაქარწყლდეს.

Reuters-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში სხვადასხვა ანტირუსული სანქციები შემსუბუქდეს, ან საერთოდ მოიხსნას.

რუსეთის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორხაზოვანია. კრემლის განცხადებით, რუსული აქტივების გაყინვა ერთგვარი „ბანდიტიზმია“, რაც აუცილებლად გახდება სხვადასხვა იურიდიული დავის საწყისი. მოსკოვი შურისძიებითაც კი იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ რუსული აქტივები და შემოსავლები ექსპროპრირებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ Euroclear ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკის ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის ნაწილს, რომელიც 190 მილიარდი ევროს ექვივალენტია. დასავლური ბანკები აგრეთვე ფლობენ მილიარდობით ევროს, ფუნტსა და დოლარს აქტივებში, რომელიც რუს დასანქცირებულ პირებს, კომპანიებს და სახელმწიფოს ეკუთვნის.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა გასულ წელს განაცხადა, რომ 3.5 მილიონზე მეტ რუსს საზღვარგარეთ აქტივები გაეყინა. საუბარია 1.5 ტრილიონ რუბლზე, იგივე 16.32 მილიარდ დოლარზე.

ბაჩანა ტყემალაძე