“ასეთი ინიციატივები საქართველოს სტარტაპის შექმნისა და კეთებისთვის  საუკეთესო ლოკაციად აქცევს”

“ასეთი ინიციატივები საქართველოს სტარტაპის შექმნისა და კეთებისთვის საუკეთესო ლოკაციად აქცევს”, - ასე ეხმაურება აქსელისა და სტარტაბ ბიუროს თანადამფუძნებელი, გური ქოიავა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს.

საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

აქსელისა და სტარტაბ ბიუროს თანადამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური ინოვაციური ჰაბის ჩამოყალიბების პროცესს და კონკურენტუნარიანობას გლობალურ მასშტაბზე შესძენს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, გაჟღერებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა სტარტაპებისა და ინოვაცია-ტექნოლოგიებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის მოულოდნელი და ამავდროულად, ძალიან სასარგებლო იქნება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონპროექტის სწრაფი და ხარისხიანი იმპლემენტაცია. ამასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ექნება არსებულ ინოვაციურ ეკოსისტემაში ახალი კანონპროექტის მარტივად და კომფორტულად ადაპტაციას.

ჩემი აზრით, მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური ინოვაციური ჰაბის ჩამოყალიბების პროცესს და შეგვძენს კონკურენტუნარიანობას გლობალურ მასშტაბზე. მიმაჩნია, რომ პროცესის დასაჩქარებლად გადამწყვეტი როლი ექნება საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას, რისი მეშვეობითაც მსოფლიოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებს, სტეიკჰოლდერებსა და დიდი გამოცდილების მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში შევკრებთ, გავაცნობთ ადგილობრივ მეწარმეებსა და წარვუდგენთ საინტერესო იდეებს. ეს, ერთი მხრივ, ქართველ მეწარმეებს ახალ და საინტერესო გამოცდილებას შესძენს, მისცემს შესაძლებლობას მსოფლიოს თავიანთი იდეები წარუდგინონ და უცხოეთიდან ინვესტიციები მოიზიდონ.

მეორე მხრივ კი, მსოფლიო გაიცნობს საქართველოს, როგორც დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანას, სადაც საერთაშორისო ინოვაციური ეკოსისტემის წევრები მოიყრიან თავს. საბოლოოდ, ასეთი ინიციატივები საქართველოს სტარტაპის შექმნისა და კეთებისთვის მოსახერხებელ, საუკეთესო ლოკაციად აქცევს“,- აცხადებს გური ქოიავა.

ნინი ქეთელაური