„ეს ნიშნავს ერის დაბერების პროცესს, განსაკუთრებით ქალებში - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთიან რეგიონებშია“

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9,8%-ით გაიზარდა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ეს მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში მოსახლეობის რაოდენობამ მხოლოდ 0,3%-ით იმატა. ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო, საიდანაც 838 097 პირი ასაკით პენსიონერია.

როგორც დემოგრაფი ანზორ თოთაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს ნიშნავს ერის დაბერების პროცესს, განსაკუთრებით ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი მთიან რეგიონებშია.

„როდესაც ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, ეს ნიშნავს ერის დაბერების პროცესს, განსაკუთრებით ქალებში. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთიან რეგიონებშია, მაგალითად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საშინელებაა, ძალიან მაღალია დაბერების მაჩვენებელი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შობადობა ნაკლებია.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა. ჩვენთან დემოგრაფიული მაჩვენებლები ადრეც არ იყო ძალიან სახარბიელო, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, უარყოფითი მაინც არ იყო და დადებითად ხასიათდებოდა“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ერის დაბერების პრევენცია მოხდეს, ჯერ შობადობის კლება უნდა შეჩერდეს, შემდეგ წახალისებაზე დაიყოს მუშაობა.

„უნდა შედგეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და უნდა გაიწეროს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შობადობის კლება შეჩერდეს და მერე ვიზრუნოთ შობადობის ზრდაზე. თუ ეს დროზე არ გავაკეთეთ, შემდგე რამდენი დროც არ უნდა დავხაროთ, შეიძლება ეფექტი ამასაც აღარ ჰქონდეს და ეს პროცესი სასიკეთოდ ვეღარ შემოვაბრუნოთ. სამთავრობო სტრუქტურებში უნდა იყოს ეს რგოლი შექმნილი, ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის სამინისტროც კი არის შექმნილი“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

ნინი ქეთელაური