ქართულ ბაზარზე ელ-კომერციის აზერბაიჯანული პლატფორმა შემოდის

ელექტრონული კომერციის აზერბაიჯანული პლატფორმა, Epoint საქართველოს ბაზარზე შემოდის. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ჰასან ჰასანოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ქართულ ბაზარზე შესვლის პროცესი უკვე დაწყებულია და “ამჟამად კომპანია საქართველოს ცენტრალური ბანკისგან საჭირო ლიცენზიის მოპოვების ეტაპზეა, რაც საქართველოში საქმიანობის დაწყების საკვანძო ეტაპია.“

Epoint-ის თანადამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ქართულ ბაზარზე მუშაობის ოფიციალურად დაწყებას მეორე კვარტალის ბოლომდე შეძლებს.

ჰასან ჰასანოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბიზნესის გაფართოების ახალ ადგილად საქართველო Epoint-ს შემთხვევით არ აურჩევია.

„აზერბაიჯანულ ბაზართან მსგავსებამ, ისევე, როგორც საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის წარმატებით დასრულებამ Epoint-ის არჩევანი გაამყარა და კომპანიას ადგილობრივ სტარტაპებთან ღირებული კავშირი შესძინა. ეს ფაქტორები რეგიონში Epoint-ის შემდგომი ზრდისთვის და განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის,“ - აცხადებს ჰასანოვი.

ცნობისთვის: პლატფორმა Epoint ელექტრონული კომერციის სერვისებს უზრუნველყოფს. კომპანია სპეციალიზებულია ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ბიზნესის ოპტიმიზაციის სისტემებში, ასევე, ელექტრონულ კომერციასა და უნაღდო ანგარიშსწორებაში. კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის ბიზნესისა და ბიზნესპროცესების მართვის სისტემებს ავითარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ