„დაბადებამ გარდაცვალებას მხოლოდ 3 რეგიონში გადააჭარბა“

„დაბადებამ გარდაცვალებას მხოლოდ 3 რეგიონში გადააჭარბა“, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, დაბადების მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში, აჭარაში და ქვემო ქართლში აღემატება გარდაცვალებას, სხვა ყველა რეგიონში სხვაობა უარყოფითია.

„სხვაობა დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის ზრდის მიმართულებით. სხვაობა დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის უარყოფითი, 6 900 ერთეულია, რაც პირდაპირ აისახა რეგიონულ ჭრილში მოსახლეობის შემცირებაზე. ბუნებრივ მატებას რეგიონულ ჭრილში რომ შევხედოთ, მხოლოდ 3 რეგიონია გამოყოფილი, დადებითი არის მხოლოდ ქალაქ თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლის რეგიონში. შესაბამისად, დაბადებამ გარდაცვალებას მხოლოდ 3 რეგიონში გადააჭარბა“,- განაცხადა პაატა შავიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში ბავშვთა ცოცხლად დაბადების მაჩვენებელს, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება.

„პიკური პერიოდი იყო 2014 წელი, რა დროსაც 60 000 ბავშვი დაიბადა ეს იყო ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამ წლის შემდეგ, დინამიკას თუ შევხედავთ, დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა მცირდება. წინა წელთან შედარებით, უკვე 7-8%-ით შემცირებაც კი გვაქვს“,- აღნიშნა პაატა შავიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9,8%-ით გაიზარდა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობამ 0,3%-ით იმატა. ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო, საიდანაც 838 097 პირი ასაკით პენსიონერია.

ნინი ქეთელაური